თურქმა მოსახლეობამ რეფერენდუმის შედეგები აქციებით გააპროტესტა. გასულ ღამით,
ასობით დემონსტრანტი ბეშიკთაშის რაიონში შეიკრიბა, სტამბოლის აზიურ ნაწილში კი 2 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა სტამბოლში 14, ანტალიაში კი 16 ადამიანი დააკავეს.
დემონსტრანტები ლოზუნგით, „ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოლებთ ფაშიზმის წინააღმდეგ" ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭოსკენ გაემართნენ. ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მსვლელობა მიმდინარეობდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
არეულობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %-მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.