საფლავზე დატანებული უნიკალური QR-კოდის საშუალებით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ინფორმაციის ნახვა იქნება შესაძლებელი. ტექნოლოგია, მიცვალებულების ოჯახის წევრთა თანხმობით, ინახავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ: ისტორია მისი ცხოვრების შესახებ, სურათები და ვიდეოები, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია და საფლავის მისამართი.
„QR ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება პატარა ზომის ქვა, რომელზეც დატანილი იქნება კოდი. ქრონოსი მოთავსდება სასაფლაოზე. იქ მისულ პირებს საშუალება ექნებათ, QR წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამ პიროვნების ვებგვერდი და გაიგონ უფრო მეტი მის შესახებ. ასევე, მომზადებულია ვებგვერდი, რომელზეც, განთავსებული იქნება ბაზა და ვიზიტორს ძიების ველში მიცვალებულის სახელისა და გვარის ჩაწერით შეეძლება აღნიშნული ინფორმაციის მიღება და წაკითხვა", - განმარტავს „ქრონოსის" დამფუძნებელი გიორგი მაჭავარიანი.
პროდუქტი გიორგი მაჭავარიანმა ორ თანადამფუძნებელთან ერთად შექმნა. იდეის ავტორების თქმით, საქართველოში ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს. მათივე ცნობით, ვებგვერდის ბაზის მეშვეობით, დაკარგული საფლავების მოძებნაც იქნება შესაძლებელი.
„ქრონოსის ქვის" ფასი 55 ლარიდან იწყება. სტანდარტული ქვა კვადრატის ფორმის შავი გრანტისაა. მისი ზომაა 10 სმ - 10სმ. თუმცა კომპანია მომხმარებელს მწვანე და წითელი ფერის არჩევანსაც სთავაზობს. ასევე, შესაძლებელია სხვა ფორმის ქვის შეკვეთაც.
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც „ქრონოსი" შეინახავს, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მძლავრ სერვერებზე განთავსდება. ეს კი ინფორმაციის დაცულობას და შენახვის მუდმივობას უზრუნველყოფს.