სტამბულში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა.პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების 50-მდე მონაწილე დააკავა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.
სტამბულის ევროპულ ნაწილში,ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ათასამდე მომიტინგე რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა. სტამბულის აზიურ ნაწილში კი 2 ათასი ადამიანი შეიკრიბა.ამის შესახებ ინფორმაციას „middleeasteye.net"-ი ავრცელებს.
„ჩვენ შენ არ გაგაპრეზიდენტებთ", „ჩვენ მხარს ვუჭერთ ფაშიზმის წინააღმდეგ კამპანიას"- სკანდირებდნენ მომიტინგეები.
მოძრაობა „არა"-ს წევრები 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის მათ ინტერესებს არ გამოხატავს. მთავარი მოთხოვნა რეფერენდუმის შედეგის გაუქმებაა, თუმცა აქციაზე პრეზიდენტ ერდოღანის გადადგომის მოწოდებაც ისმოდა.
გუშინ რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, უმაღლეს საარჩევნო კომისიას თურქეთის ეროვნულ-რესპუბლიკურმა პარტიამ მიმართა. ინფორმაციას სააგენტო „ABC News"-ი ავრცელებს.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %-მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.