საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს 2017 წლის 2 მაისს აირჩევენ. მოქმედ თავმჯდომარეს, ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 2017 წლის 19 მაისს ეწურება.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ექვსი წლის ვადით ირჩევს. კომისიის თავმჯდომარეს კი თავად კომისია ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით ირჩევს.
თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 21 აპრილის 19:00 საათამდე გაგრძელდება. კომისიაში ამ დროისთვის 5 წევრია: ვახტანგ აბაშიძე, კახი ბექაური, მერაბ ქათამაძე, გიორგი ფრუიძე და ელისო ასანიძე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობა, ისევე როგორც წევრობა, საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობააა. მოქმედმა თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ 2016 წლის ანაზღაურების სახით, 255 425 ლარი აიღო.