პარლამენტში სუს-ის უფროსის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.კამათი ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის მოხდა.
ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს აზრს, თუ რატომ უნდა გაიმართოს დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხი, როდესაც დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი, გიგა ბოკერია ზის. ამ რეპლიკას დარბაზში სიცილი მოჰყვა.
ამის შემდეგ კვიციანმა სცადა,რომ მიახლოვებოდა გიგა ბოკერიას, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა არ მისცეს. ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას საწერი კალამი ესროლა და ჭიქიდან წყალი გადაასხა. ინციდენტის შემდეგ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
კიდევ ერთი ინციდენტი დღეს პარლამენტში დეპუტატთა ოთახში მოხდა. „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა საფერფლე ისროლა, რომელიც მისივე თანაგუნდელ ოთარ კახიძეს მოხვდა. მან სახის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი და „ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი დაუპირისპირდნენ. კანდელაკის ნასროლი საფერფლე ოთარ კახიძეს მოხვდა.ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან თანაგუნდელებმა მანქანით გაიყვანეს.