სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ სოხუმში შეხვედრებისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, თანამშრომლობა რეგიონულ და საერთაშორისო მიმართულებებში, სადაც აღინიშნა ჟენევის დისკუსიების ფორმატი.
"საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა აფხაზეთში ახალი იმპულსი შესძინა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპს ემყარება" - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. სერგეი ლავროვმა რუსეთის საელჩოს ახალი შენობა გახსნა და ე. წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
ლავროვის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს. საგარეო უწყების განცხადებით, ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა.საქართველოს პრეზიდენტმა კი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,რომ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. „პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა".