ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულმა ექსპერტების ჯგუფმა შეადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა ემართა რუსეთს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და შეემცირებინა ამომრჩეველთა ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია "reuters"-ს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის სამმა მოქმედმა და ოთხმა ყოფილმა თანამდებობის პირმა მიაწოდა.
ორ კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსული მხარე 8 ნოემბრის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ეს დოკუმენტები სადაზვერვო სამსახურმა მოსკოვის კვლევითი ინსტიტუტისგან მოიპოვა, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობს.
პირველი წერილი გასული წლის ივნისში დაიწერა და მისი ადრესატი რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ, მათი ვინაობა არ არის ცნობილი. წერილობითი მიმართვით ექსპერტები კრემლს ურჩევდნენ, რომ სოციალური და ტრადიციული მედისაშუალებებით ეწარმოებინათ პროპაგანდა, რომ ამერიკელ ხალხს აერჩია ისეთი ლიდერი,რომელიც ბარაკ ობამასგან განსხვავებით, რუსეთთან "რბილ პოლიტიკას" გაატარებდა.
მეორე დოკუმენტი,რომელიც ოქტომბერში არის დაწერილი, აფრთხილებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ რეიტინგებით აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი ლიდერობდა და სავარაუდოდ არჩევნებში ის გაიმარჯვებდა. წერილის მიხედვით, ამის გამო რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა შეეცვალა პროპაგანდის ხასიათი და ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერის ნაცვლად, ჰილარი კლინტონის რეპუტაციის შელახვაზე ეზრუნა.
პუტინი ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებას უარყოფს. ამ საკითხზე განცხადება ჯერ არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მოსკოვის კვლევით ინსტიტუტს გაუკეთებია.