თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრის მოვაჭრეების აქციას დავით ნარმანია გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ვაჭრობა ლეგალიზებული უნდა იყოს და დიდუბის ტერიტორიაზე ვაჭრობა სურსათის უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებში უნდა მოექცეს.
„რაც შეეხება კონკრეტულად ჭიშკრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ორ კომპანიას შორის მიმდინარე დავაა. თბილისის მერია ჩართულია ამ საკითხებში, თუმცა აღსრულების ნაწილი როგორც დადგენილი წესის და ნორმების მიხედვით უნდა მოხდეს" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოვაჭრეები აქციების გაგრძელებას აანონსებენ, მათ შორის დავით ნარმანიას სახლთან. დიდუბის ბაზრის მოვაჭრეების განცხადებით, თუ შესაბამისი სამსახურები კედლის დემონტაჟს არ განახორციელებენ, ისინი კედელს თავად დაანგრევენ.
თბილისის მერიასთან შეკრებილი დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერი მათ კედლის დემონტაჟს დაჰპირდა, გაიცა შესაბამისი განკარგულებაც, თუმცა მერიის თანამშრომლებს დემონტაჟი ამ დრომდე არ დაუწყიათ.