თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ, ოპოზიციური ძალების მიერ რეფერენდუმის შედეგების გაუქმების შესახებ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა. თურქული მედიის ინფორმაციით, აპელაციას საარჩევნო საბჭოს 11 წევრიდან მხოლოდ ერთმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა რეფერენდუმის შედეგების გაუქმება, პროცესში დაფიქსირებული დარღვევების გამო მოითხოვეს. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა სტამბულში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა 19 ადამიანი დააკავეს.
სტამბულში რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %-მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.