რეგიონებში კი გუბერნატორების შეცვლის პროცესი დაიწყო
თიკო ოსმანოვა
22.04.2017

 რეგიონებში საკადრო გადაადგილებების შემდეგ, შესაძლოა ცვლილებები მთვარობაშიც განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში მმართველ გუნდში ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრის შეცვლას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, ზოგადად, სამთავრობო ცვლილებების "ლოგიკურ აუცილებლობას" ხედავს. მაგრამ კონკრეტულად ვის შეეხება ცვლილებები, ამის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

კონკრეტულ პერსონებზე საუბარი უჭირთ პოლიტოლოგებსაც და აქცენტს სისტმური ცვლილების აუცილებლობაზე აკეთებენ.

საკადრო ცვლილებები კი რეგიონალურ დონეზე უკვე დაიწყო. გუშინ ქვემო ქართლის გუბერნატორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. პაატა ხიზანიშვილის თხოვნა პრემიერმა უკვე დააკმაყოფილა. გუშინვე გავრცელდა ცნობები, რომ უახლოეს დღეებში თანამდებობები შესაძლოა სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის გუბერნატორებმაც დატოვონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მთავრობაში, შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

"ამას არ გამოვრიცხავ, რადგან პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეს, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც.

"ამაში ლოგიკას და სისწორეს ვხედავ. მთავრობას, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს, გარკვეული პერიოდულობით განახლება სჭირდებათ. სამთავრობო ცვლილებებიც პარლამენტის მიღმა არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდულობით პრემიერ-მინისტრს სუსტი რგოლების გაძლიერების თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რაც პირველ რიგში საკადრო ცვლილებების მიღებაში გამოიხატება და რაც მისი გადასაწყვეტია, სუსტად რომელ რგოლს მიიჩნევს და რომელს - ძლიერად", - აცხადებს ქუცნაშვილი და ცვლილებებს გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში ვარაუდობს.

"რეზონანსის" კითხვაზე, თუ სად აქვს ხელისუფლებას სუსტი პოზიციები ქუცნაშვილი გვპასუხობს:

"თავს შევიკავებდი კონკრეტული კოლეგის დასახალებისგან, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ეს ჩვენს პრეროგატივას არ წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხი არ განიხილება".

ბოლო პერიოდში მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე მედიაში გავრცელებული ცნობები იუსტიციის მინისტრს უკავშირდება. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დეკრეტულ შვებულებაში გასული მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლო თანამდებობაზე აღარ დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ მის მოვალეობას ამჟამად მისი მოადგილე სანდრო ბარამიძე ასრულებს.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სამთვარობო ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი ჯერ არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენმა კოლეგამ (ზაქარია ქუცნაშვილმა) გამოთქვა თავისი ვარაუდი. იგი პოლიტიკოსია და აქვს ამის უფლება.

"ბევრი წარმატება გვქონია და წარუმატებლობაც, მაგრამ, სხვა ხელისუფლებისგან განსხვავებით, გვაქვს იმის უნარი, რომ ვაღიაროთ შეცდომები და მათ აღმოფხვრაზე ვიმუშავოთ. მედიაში სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით ტყუილი ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა", - უთხრა "რეზონანსს" მდინარაძემ.

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება" - ასეთია პოლიტოლოგთა შეფასებები სავარაუდო სამთვარობო ცვლილებებზე.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, მთვარია სისტემური ცვლილებები, თუმცა, ახლა ამის წინაპირობა არ არის.

"სახელ და გვარებში არ არის პრობლემა. პრობლემა სისტემაშია, სისტემური ცვლილებების წინაპირობები კი არ არის. აქედან გამომდინარე, სახელი და გვარების შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

"პრაქტიკა არის მანკიერი. გაუგებარია გადაწყვეტილება სად მიიღება, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. აბსოლუტურად რაღაც გაუგებარი ჯადოსნური წრე არის შეკრული და შიგნით ჯადოსნური ჯოხის როლს ვინ შეასრულებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჯოხი მიანც ჯოხად რჩება. საინტერესო იქნებოდა, თუ სისტემური ცვლილებების მოლოდინი გაჩნდებოდა", - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" პიროვნული რეიტინგი არავის აქვს. შესაბამისად, მისი აზრით, გადაადგილება თვითონ ამ პერსონებისთვის იქნება საინტერესო.

"ნებისმიერი პიროვნების რეიტინგი იქნება, ის რასაც "იჩალიჩებს" "ქართული ოცნება". გვყავს ხელისუფლება, რომელშიც არიან ლიდერები, რომლებსაც არა თუ გაკეთების, არამედ გაფუჭების შნოც კი არ აქვთ. შესაბამისად, არაფერი კეთდება და არც ფუჭდება. აქედან გამომდინარე, შიდა გადაჯგუფებები აბსოლუტურად არ არის საინტერესო და არც რაიმეს მომცემი", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, ერთი და ორი მინისტრის შეცვლით მთავრობის ქმედებაში არაფერი შეიცვლება.

"სიმართლე გითხრათ, ასეთ აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაგრამ, ვინაიდან ქვეყანაში ვითარება რთულდება და მძიმდება, შეიძლება ამიტომ ჩათვალა ლოგიკურად ქუცნაშვილმა სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობა. თუმცა, არ მგონია ერთი და ორი მინისტრის შეცვლით ხელისუფლების ქმედებაში რამე შეიცვალოს.

"თუ რაღაც ცვლილებებზეა საუბარი, რომ მოსახლეობაში რაღაც იმედი გაჩნდეს, მაშინ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მაგრამ რომ გითხრათ დღეს ცალკე აღებული რომელიმე მინისტრის მიმართ საზოგადოებას აქვს რამე უარყოფითი განწყობა-მეთქი, ასეთი რამ არ ჩანს. ამიტომ ვერ ვხედავ ისეთ სიტუაციას, რომ რომელიმე მინისტრის ცვლილებით "ოცნებას" რეიტინგი მოემატოს. ზოგადად, მთლიანად გუნდისადმი ჩნდება უნდობლობა და არა რომელიმე პერსონის მიმართ.

"ადრე, მაგალითად, ხადურის მიმართ იყო აგრესიული დამოკიდებულება. დღეს ასეთი "გამორჩეული" მინისტრი არ შეიმჩნევა. ამ ლოგიკით თუ წავალთ, ჯეჯელავა უფრო ირონიულ და არასერიოზულ შთაბჭედილებას ტოვებს, მაგრამ მისი შეცვლა გამორიცხულია. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ იგი ვიცე-პრემიერად დანიშნეს. ამიტომ არ ველოდები. რომ მას შეცვლიან. წულუკიანი კი არ არის ის მინისტრი, რომლის წასვლა ან დატოვება ხელისუფლებას მოუტანს ან დააკლებს რეიტინგს", - განუცხადა "რეზონანსს" ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×