გვანცა ღვედაშვილი
24.04.2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას შევა, დოკუმენტის საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა კი შემოდგომაზე გაიმართება, - ცვლილებების პროექტის კენჭისყრის შემდგომ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ პროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას, არაუგვიანეს ხუთშაბათამდე შევა, რის შემდეგაც პარლამენტი ჩამოაყალიბებს საორგანიზაციო კომისიას საყოველთაო განხილვისთვის, რომლის ფორმირების შემდეგ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყება.

"ჩვენ გავალთ რეგიონებში და საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დღემდე საზოგადოებას, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ არსებითად დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდებოდა იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც კონსტიტუციაში შედის. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ სხვადასხვა ფორმით საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში", - განაცხადა კობახიძემ.

ცდილობს თუ არა "ოცნება" კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): "რა თქმა უნდა. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველაფერში, რაც მათ გააკეთეს, იკვეთება, რომ მათ ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩენის სურვილი აქვთ. არც ერთი პუნქტით არ არის მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული.

"ასევე, როცა ვლაპარაკობთ, რომ "ოცნებას" უმრავლესობა აქვს, უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებში 48% აიღეს - ე.ი. ნახევარზე ნაკლები და გამოდის, 52%-ს არ დაუჭერია მხარი მათთვის და მათი წინააღმდეგია, ანუ მათ არანაირი უფლება არ აქვთ."

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. საქართველოში მხოლოდ 2 დღის წინ ჩამოვედი და თვალს არ ვადევნებდი საკონსტიტუციო საკითხებზე მიმდინარე მოვლენებს.

 

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "ვისი ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, არ ვიცი, მაგრამ ეს არ არის ის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანას წაადგება. უფრო მოჩვენებით ცვლილებებს ვხედავ, მაგალითად, ევროინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერა - ეს ხომ სისულელეა. რა საჭიროა მისი ქვეყნის მთავარ კანონში ჩაწერა, ვერ ვხვდები. ისეთი რაღაცები ჩაიწერა, რაც პიარისთვის არის გაკეთებული და არა ხალხისთვის."

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "კი არ ცდილობს, უკვე მოირგო და, პრაქტიკულად, დამთავრდა ეს პროცესი. მათთვის, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა, ძალიან საწყენია ის გზა, რომელსაც ისინი დაადგნენ. ეს გზა გატკეპნა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და სადამდეც მიიყანა, ვხედავთ.

"ძალიან მიკვირს, ნუთუ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ივანიშვილისთვის ერჩია, რომ ეს გზა არის ჩიხისკენ მიმავალი, რომლის ბოლოსაც ხრამში გადასავარდნი კლდეა და არა შარაგზა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×