გასულ კვირას საქართველომ 2 საყვედური მიიღო - 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქე ქალებს სასაზღვრო კონტროლის გავლისას ჰიჯაბის მოხსნას აიძულებენ და ეს მათი რელიგიური შეურაცხყოფაა. ცოტა ადრე კი თურქეთის საელჩომ "მეგობრულად თხოვა" თუ მოსთხოვა "ოცნების" პარლამენტარებს, რომ 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაული უქმე დღედ არ გამოცხადდეს, რადგან დიდგორის ბრძოლა მათი დამარცხების დღეა.
პოლიტოლოგების თქმით, ირანისა და თურქეთის ამ უკმაყოფილებამ აჩვენა, რომ ამ ქვეყნებისთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, არც თუ მაღალ რანგში გადის და ამიტომაც აძლევენ თავს უფლებას, ასეთი პრეტენზიები წამოაყენონ. საქართველოს ხელისუფლებამ კი ამ დამოკიდებულების გაპროტესტების და ღირსეული პასუხის ნაცვლად, გაუგებარი კაპიტულანტური განცხადებები გააკეთა.
ირანის პრეტენზიის შესახებ ცნობილი ირანული მედიიდან გახდა და, მათი ინფორმაციით, გასულ სამშაბათს, 18 აპრილს, თბილისში ვიზიტად მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ პატივი უნდა სცეს ირანელ ტურისტებს. მან ეს შენიშვნა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს გამოთქვა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების მიზნით ირანელი ტურისტი ქალი იძულებული გახადეს, ჰიჯაბი მოეხსნა.
ირანული გამოცემების ცნობით, კვირიკაშვილმა ირანელ მინისტრს პირობა მისცა, რომ "ის ამ ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიების ბრძანებას გასცემს". მთავრობის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, რომ ამ შეხვედრაზე ჰიჯაბის მატარებელი ირანელი ვიზიტორების საზღვარზე უსაფრთხოების კუთხით შემოწმების პროცედურები განიხილეს, სხვა დეტალები კი ქართულ მხარეს არ გაუხმოვანებია.
მეორე საყვედურიც ამავე დღეებში გახმოვანდა, თუმცა ის ცოტა უფრო ადრე მოხდა. 23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ისტორიული ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს, "დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. თუმცა ამის შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერებულია.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ნუკრი ქანთარია ამბობს, თურქეთის საელჩომ მეგობრულად ითხოვა, პროექტი არსებული ფორმით არ მიიღონ, რადგან დიდგორი მათი დამარცხების დღეა და პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეული უსიამოვნება შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
ქანთარიას თქმით, თურქეთი დიდი სახელმწიფოა და მას რაღაც ანგარიში უნდა გაუწიონ, თუმცა პროექტს ის უკან არ გაიწვევს. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას უნდა მოხდეს და გაირკვევა, რას დათმობს საქართველო მეგობრული რჩევისა თუ საყვედურის შემდეგ.
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, თურქეთისა და ირანისგან ეს კონკრეტული პრეტენზიები არის ტესტირება, იმის მოსინჯვა, რამდენად ადვილია ჩვენი მოთვინიერება საჭირო შემთხვევაში.
"რა დღე დაწესდება საქართველოში ზეიმად, თურქეთის მხრიდან ამ საკითხის დაყენებაც კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გვიყურებენ ჩვენ. ეს უფრო ვასალისადმი მიმართვაა, ვიდრე პარტნიორისადმი. გვეუბნებიან, რითაც ამაყობთ, ის კი არ უნდა იდღესასწაულოთ, არამედ აზიზიეს მეჩეთი უნდა ააშენოთ ბათუმში. აზიზიე კი ისტორიულად იმის საპირისპირო მაგალითი იყო, რაც დიდგორი," - მიიჩნევს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ანალოგიურია ირანიდან წამოსული პრეტენზიაც და ამაზე თავმოყვარე სახელმწიფოს პრინციპული პასუხი უნდა გაეცა.
"ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისთვის საპასუხო ნოტა უნდა გაეგზავნა, რომ ამ საკითხზე მომართვა ჩვენი შეურაცხყოფაა. როგორ შეიძლება, რა დღესასწაული დავაწესო, ამაში ერეოდეს უცხო ქვეყანა? ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დამოკიდებულებაზე თვალის დახუჭვა და კაპიტულანტური განცხადებების გაკეთება, უბრალოდ, გაუგებარია.
"ეს თურქეთისთვის მხოლოდ ერთი რამის დადასტურებაა - რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეიძლება "მუშაობა", რომ მათ, ფაქტობრივად, შეუძლიათ, ყველაფერი გაიტანონ საქართველოში, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათთან მიმართებაში კაპიტულანტურად იქცევა.
"ირანის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივეა. ჯერჯერობით გვტესტავენ, რომ გაარკვიონ, ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში რა ტაქტიკით იმოქმედონ ჩვენთან მიმართებაში. ეს ძალიან სახიფათო გზაა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამაზე ჩვენი ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს," - დასძენს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძის თქმით, თურქეთის საელჩოს მხრიდან "მოთხოვნა თუ თხოვნა" ლაკმუსის ქაღალდი იყო, რომ თურქეთისთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, არცთუ მაღალ რანგში გადის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ, საქართველოში თავს ამის უფლება მისცენ - მივიდნენ დეპუტატთან და ასეთი პრეტენზიით მიმართონ, თუნდაც არაფორმალურ დონეზე.
"ვენდობი იმ დეპუტატების განცხადებას, ვინც ეს გაახმოვანა. არცთუ სასიამოვნო იყო ამის მოსმენა", - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, აეროპორტში ირანის მოქალაქისთვის ჰიჯაბის მოხსნის ინციდენტი როგორ და რა ფორმით მოხდა, არ იცის და ამიტომაც ამაზე ვერაფერს იტყვის. ერთია, რომ როდესაც ასეთი პრეტენზიები ისმის, სახელმწიფოს რეაქცია ისეთი უნდა იყოს, როგორც ეს სახელმწიფოს შეეფერება - გაერკვეს ვითარებაში და აუხსნას პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს, რა და როგორ მოხდა.
"რაც მთავარია, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ სახელმწიფოს ღირსება იყოს დაცული. იგივე დიდგორობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით და იგივე ჰიჯაბის ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ღირსებას უნდა გაესვას ხაზი," - აცხადებს ანჯაფარიძე.