ვახტანგ შამუგია
25.04.2017

 თავდაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებას სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი წარუდგინა. ის თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს წარმოადგენს და აღწერს არსებულ ვითარებას, მიმოიხილავს საფრთხეებს, გამოწვევებს. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების დროში გაწერილი სტრატეგია 2020 წლამდე.

დოკუმენტის თანახმად, მთავარი საფრთხეა რუსეთის ფედერაცია, მისი აგრესიული, დესტრუქციული ქმედებები და მილიტარიზაცია.

"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში, შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე. საქართველოზე ზეგავლენის განმტკიცების მიზნით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "სამართლებრივი საფუძვლების" შექმნის მცდელობას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. ამასთან, ნარჩუნდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების მიტაცების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაკავებისა და სხვა ტიპის პროვოკაციების საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი არასტაბილურობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგისთვის," - ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში.დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დასუსტების, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებისა და მართვადი დესტაბილიზაცის შექმნის მიმართულებით.

"კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს "რბილი ძალის" ელემენტების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია. რუსეთის ფედერაცია პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით განაგრძობს მცდელობას, საქართველოს შეუზღუდოს როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული საერთაშოროსო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები," - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორთა თქმით, ამის საპასუხოდ ქვეყანამ მეტი შემართებით უნდა გააგრძელოს დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე სიარული და დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა გააღრმავოს, მოსკოვურ პროპაგანდას კი ფაქტებზე დაფუძნებული კონტრპროპაგანდით უნდა დაუპირისპირდეს.

ქვეყნის მმართველ გუნდში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის თქმით, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები ობიექტურად და ზუსტად არის შეფასებული. მისი განსაკუთრებული ყურადღება ორმა გარემოებამ, რუსული მხარის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული ხეშეკრულების პირობების შეუსრულებლობამ და მოსკოვის მიერ ჩვენს რეგიონში, და არა მხოლოდ, "რბილი ძალის" გააქტიურებამ მიიპყრო.

"ორივე ნახსენები საფრთხე რომ რეალურია, ამას ბევრი კამათი არ ესაჭიროება. რაც შეეხება პროპაგანდას, ეს არა მხოლოდ საქართველოს და რეგიონის, არამედ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური საფრთხეა და ჩვენ სწორედ ამიტომაც ვებრძვით მას. რაც შეეხება სამხედრო საფრთხეს, როცა ოკუპანტი კილომეტრნახევარშია ცენტრალურ მაგისტრალთან, ეს რომ საფრთხეა, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არ ისმის, მაგრამ საქართველო არის მშვიდობისმყოფელი და მშვიდობიანი ქვეყანა. მიუხედავად ამისა, თავდაცვის რესურსებს მხოლოდ იუმჯობესებს და მომავალშიც გააუმჯობესებს, ისევე როგორც ნატო-სთან თავსებადობის მიღწევა სრულად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ინტეგრაციული პროცესების კვალდაკვალ. ასე რომ, საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში," - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.

რუსულ ე.წ. "რბილ ძალასთან" ბრძოლის აუცილებლობის გააზრებას თავდაცვის სამინისტროს მიერ პოზიტიურად აფასებენ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მკვლევარებიც.

"რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ ამ გამოწვევასთან ბრძოლა ძალიან დიდ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვს და ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტრომ გაიაზრა, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს რუსული პროპაგანდა და რომ აუცილებელია მასთან საბრძოლველად ეფექტური ზომების მიღება, რადგანაც მოსკოვის ეს ქმედებები მიზნად ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლას ისახავს, ეს კი ჩვენთვის დამღუპველი იქნება. ასევე მისასალმებელია ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირებისა და პერსონალის მიმართულებით. თუმცა დოკუმენტს სუსტი მხარეებიც აქვს, მაგალითად, ზოგადი მსჯელობა აკლია საფრთხეების შეფასების მიმართულებით, ასევე ტერორიზმსა და სხვადასხვა საერთაშორისო საფრთხეზე. რაც საქართველოსთვის რელევანტურია, ფაქტობრივად, გამოტოვებულია," - თქვა გოგუაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს გაეცნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, სამხედრო ატაშეები, რომელთა მხრიდანაც კონცეფციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

"სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის მთავარი მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტების ჰარმონიზება იმ ინიციატივებთან, რომლებიც საქართველოში ცალკეულ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში აქვთ, ასევე, ამ პრიორიტეტების სინქრონიზება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან, რომელსაც 2017 წელს ვიწყებთ. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ და პროცესში ერთად ჩავერთოთ," - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ.

აღსანიშნავია, რომ, დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017-2020 წლებში იზრდება. კერძოდ, 2017 წელს ის 670 მლნ., 2018 - 680 მლნ., 2019 წელს - 700 მლნ., ხოლო 2020 წელს 720 მლნ. ლარი იქნება. შესაბამისად, მატულობს ახალი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენისათვის განკუთვნილი თანხის რაოდენობაც. ცვლილებები სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მართვის სისტემასაც ეხება. 2018 წლიდან, პარლამენტის მიერ სარეზერვო სისტემის კონცეფციის დამტკიცების შემდეგ რეზერვისტთა მომზადების ახალი პროგრამა ამოქმედდება. რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორების შემთხვევაში ტოტალური წინააღმდეგობის სტრატეგიით იხსნება თავდაცვის სამინისტროს მიერ წვევამდელთა გაწვევის აღდგენა და მათი მომზადების პროგრამის ძირეული ცვლილება. დოკუმენტში ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვასა და მოძველებული ტექნიკის უტილიზაციაზეც არის საუბარი.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს. სალუქვაძის თქმით, საჭიროა მეტი კონკრეტიკა.

"იგრძნობა, რომ სურვილების ფორმითაა დაწერილი, ვისურვებდი უფრო სამხედრო ენაზე, დირექტიულ სტილში. საშიშად მიმაჩნია დაუკონკრეტებელი უტილიზაციის ჩამონათვალი. მხოლოდ მიმართულებებია: საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და ა.შ. ანუ აგვისტოს ომის წინ ნაყიდი საჰაერო თავდაცვის ტექნიკის უტილიზებას ვაპირებთ? თუ პ-18 ტიპის რადარების უტილიზებას ვგეგმავთ? თუ ეს იგეგმება, უმჯობესია, გადაიფიქრონ. ჭორის დონეზე გავიგე, კალაშნიკოვების უტილიზება იგეგმებაო. საფრთხილო გადაწყვეტილებებია. ამასთან, ძალიან ხშირად გამოიყენება ფრაზა "ნატოს სტანდარტების მქონე". გაცვეთილია ეს ფრაზა. მის უკან კონკრეტული პროექტი უნდა იყოს. პირველი შთაბეჭდილება არ მაძლევს სიმშვიდის საშუალებას. საერთოდ, ეს მავნე დოკუმენტია, რადგან ზედაპირულია. უკვე მრავალი წელია, ეს პრაქტიკა არსებობს და კარგი არაფერი მოგვიტანა. მიმოხილვა კი არა, პროექტები და პროგრამები მინდა, რომლებიც კონკრეტულ საფრთხეებზე და ოპერატიულ-ტაქტიკურ გათვლებზე იქნება დაყრდნობილი, როცა გვეცოდინება, ყოველი ჩადებული თეთრი რა ეფექტიანობას მოგვიტანს. გვეყო მიმოხილვები," - უთხრა სალუქვაძემ "რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×