საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ყურადღება ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილა. გიორგი კვირიკაშვილმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოჰყვება.
პრემიერის განცხადებით, ეკონომიკურ დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის დადგენილი თანხა, 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზრდება.
„უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავის შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. ეს არის სასაქონლო ზედნადებთან, არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმინისტრის თქმით, ცვლილებები სამშენებლო სექტორსაც ეხება. 2 წლით გახანგრძლივდება დაუსრულებელი მშენებლობისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები. 2017 წლის ბოლომდე 65 მილიონი დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება და პრემიერის თქმით, ეს შეღავათები დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს.