ბელორუსის დედაქალაქში 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრის ბოლო დღეს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას 45-36 მოუგო.
ახალგაზრდებმა ნახევარფინალში რუსეთს 45-41, მეოთხედფინალში რუმინეთს 45-31 და მერვედფინალში ბულგარეთს 45-34 სძლიეს.
ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ეს საქართველოს დელეგაციის მეორე მედალია. შაბათს რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია და საბა სულამანიძე არიან.
2016 წელს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც რუსეთთან 38:45 დამარცხდა და ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა.