ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტს, რომელიც ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს ვიღებთ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს ვეთანხმები. კონსტიტუციაში ხარვეზი არ არის, მაგრამ ის ცვლილებები, რობელთაც საზოგადოება ელოდა, არ ჩაიწერა. საზოგადოება რასაც მოითხოვდა, არ გააკეთეს. გაკეთდა სისულელეები, რომლებიც საზოგადოებისთვის არანაირი სიკეთის მომტანი არაა. საერთოდ, კონსტიტუციას მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა შეეხო.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ცალსახად დათანხმება ან უარყოფა არ შემიძლია, რადგან ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, კონკრეტულად არავის არაფერი უთქვამს. ეჭვი მეპარება, რომ სახალხო განხილვა მოეწყოს. ქვეყნის პირველი პირის არჩევა და აზრის დაფიქსირება შემეძლო, რომელსაც ახლა კონსტიტუციით მართმევენ. არა მგონია, ეს კარგის მომტანი იყოს.
გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი): საერთოდ, პრეზიდენტი დიდი ხანია, ფუნქციადაკარგულია. პრეზიდენტებს სხვა უფლებები აქვთ და ისინი სხვანაირად იქცევიან. მთავრობის სხდომაზე მისი არც ერთი პროექტი გატანილი არ მინახავს. ნათქვამია, შენი სიძლიერე ჩემი მხდალობისა და უბადრუკობის ბრალიაო - ჩვენი ქვეყანა მგლების ქვეყანაა.
გია ბუღაძე (მხატვარი): ერთადერთი შემთხვევაა, როცა საქართველოს პრეზიდენტს ვეთანხმები. "ქოცებმა" რა განცხადებაც გააკეთეს, ეს არის ყველაზე სამარცხვინო. თუმცა ყველაზე გასაოცარი არის, რომ ამ სამარცხვინოს უკიდურესობაც ემატება.
ქეთი ბექაური(იურისტი): ცალსახად პასუხის გაცემა არ შემიძლია. როგორც გარედან დამკივირვებელი გეტყვით, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, ფუნქციების შესუსტებას არ ვეთანხმები, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის პირველი პირი ყოველთვის პრეზიდენტი იყო. ასე რომ, ეს ფორმულირება უნდა იქნეს შენარჩუნებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე