ენგურის ხიდზე როგავების ოჯახის წევრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივები სახელმწიფოსგან აქტიურობას ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავები ე.წ. დრანდის ციხიდან გათავისუფლდნენ.
არჩიკო როგავას ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, ხოლო პაატა როგავას მეორე ბრალდებაც აქვს წაყენებული - წინააღმდეგობის გაწევა.
შელაპარაკება აქციის მონაწილის დაკავებით დასრულდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა აფხაზების მიერ დაკავებული პაატა როგავას და. წინააღმდეგობის გაწევის გამო დარეჯან როგავა პოლიციამ სამმართველოში გადაიყვანა. აქცის მონაწილეები ამ დრომდე ენგურის ხიდთან რჩებიან ისინი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს, მდინარე ენგურზე სათევზაოდ მყოფი მამა-შვილი როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მდინარის გაღმა ნაპირზე გადასვლისას დააკავეს. როგავების ოჯახმა ენგურის ხიდთან უკვე რამდენიმე აქცია გამართა.