საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი „გირჩის" მიერ რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაუშვებელია ჯარში არ წასვლის მიზეზით, ადამიანმა რელიგიური მრწამსი შეიცვალოს.
მამა კახაბერი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციაში „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება" გაწევრიანება რელიგიის შეცვლას ნიშნავს.
დეკანოზის განმარტებით, კანონის თანახმად, თუ პირს სურს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური გახდეს, იგი ალტერნატიულ სამსახურს გადის და საზოგადოებრივ შრომას ეწევა.
„ადამიანმა შეიძლება სამხედრო სამსახურზე უარი თქვას, მაგრამ ალტერნატიული სამსახური ყველა შემთხვევაში უნდა გაიაროს. ეს იქნება მშენებლობა, ან საზოგადოებრივი საქმიანობის სადმე სხვაგან გაწევა, მხოლოდ ჯარისკაცი არ იქნება. მსგავსი რამ მართლმადიდებელ ეკლესიასაც აქვს. ადამიანს, რომელსაც სასულიერო პირად გახდომა სურს, შეუძლია უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და ალტერნატიული სამუშაო შეასრულოს იმ ვადით, რაც ჯარში უნდა ემსახურა, მაგრამ იმის გამო რელიგია შეიცვალოს, რომ ჯარში არ გაუშვან, გაუგონარი ამბავია", - განაცხადა მამა კახაბერმა.
„გირჩის" წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნეს, რომელიც, როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.
საქართველოს კანონმდებლობა წვევამდელს აძლევს საშუალებას, სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადოს, თუ მღვდელმსახურია ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.