რეზონანსი
26.04.2017

 საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრა ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა 12-მა ინვესტორმა მას შემდეგ გააუქმა, რაც მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესვლისას პრობლემები შეუქმნეს.

„მაგრამ რა საჭიროა ქვეყნიდან მოწვევის წერილი, როდესაც იმ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი გვაქვს?! ასეთ მოთხოვნებს ნეგატიური გავლენა აქვს ტურიზმზე, ხოლო ინვესტიციების მოზიდვაზე ამას უზარმაზარი გავლენა ექნება" , - წერს ფეისბუკში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე.

ფადი ასლის ინფორმაციით, წუხელ ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი ინვესტორი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის გამო ჩამოვიდა, თუმცა სასაზღვრო დეპარტამენტმა ისინი უმიზეზოდ საათობით გააჩერა საზღვარზე.

საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გარე კომუნიკაციების მენეჯერმა, ნინო ცხადაძემ, განაცხადა, რომ საქართველოში შემოსული ბიზნესმენების საბუთებში არ იყო დასაბუთებული. ინვესტორები სულ რამდენიმე წუთით შეფერხდნენ საზღვარზე და არა საათობით, როგორც ფადი ასლი წერს.

მისი თქმით, საქართველოში შემოსულ ბიზნესმენებს უნდა ჰქონოდათ სპეციალური მოწვევა, ხოლო მესაზღვრე ვალდებული იყო, რომ ემოქმედა კანონის ფარგლებში და გადაემოწმებინა მათი ვიზიტის მიზანი:

„არ ვიცი, პრემიერს ხვდებიან თუ არა, თუმცა რაღაც ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ ეს ადამიანები. მათ უნდა ჰქონოდათ სპეციალური მოწვევა, რაც არ ჰქონდათ. საზღვარია ეს და მესაზღვრე ხომ უნდა დარწმუნდეს, რა მიზნით შემოდიან ადამიანები ქვეყანაში? ამიტომ, როგორც წესი და კანონია, ისე იმოქმედა მესაზღვრემაც" , - განაცხადა ნინო ცხადაძემ.

მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი აცხადებს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო, რასაც ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, არ ადასტურებს.

„სულ რამდენიმე საათის ჩამოსული ვარ ქვეყანაში და, თუ ხვალ გვექნება შესაძლებლობა, იქნებ ხვალ ვისაუბროთ ამაზე," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენები საზღვარზე მხოლოდ ნახევარი საათით შეაყოვნეს და როგორცკი საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქმეში ჩაერთო, ისინი საქართველოში შემოუშვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×