ნინო ქეთელაური
27.04.2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით ევა გოცირიძის ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი.

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ ტექსტზე, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვასთან არის დაკავშირებული.

როგორც ინიციატივის ავტორი აცხადებს, კრიტიკა დასაშვებია, თუმცა არა - შეურაცხყოფა.

ევა გოცირიძის თქმით, განცხადების ტექსტში დართულია ბოლოდროინდელი, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული ის გამონათქვამები, რომლებიც მოსამართლეების მისამართით ისმოდა, ეს კი, გოცირიძის თქმით, "ხშირად ცდებოდა გამოხატვის თავისუფლებას".

ევა გოცირიძის ინიციატივა იმ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების დაჯარიმებასაც ითვალისწინებს, ვინც მოსამართლეების მიმართ "მიუღებელ ეპითეტებს" გამოიყენებს.

მოსამართლეთა მიმართ "მიუღებელი ეპითეტების" გამოყენება უნდა იყოს თუ არა დასჯადი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): არანაირი პრივილეგია და დიდვიდენდები მოსამართლეებს არ აქვთ. მაშინ, პირველ რიგში, უნდა ისჯებოდნენ ის ადამიანებიც, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს, ისევე როგორც, ნებიმიერ სხვა მოქალაქეს, ვისაც არ იცავს არანაირი ტიპის კანონი, მათ შორის, მოსამართლესაც. ის არის ჩვეულებრივი მოქალაქე და მხოლოდ ამ მიზეზით უნდა იცავდეს კანონი და არა იმიტომ, რომ მას რაიმე პრივილეგია აქვს. თუ ჩვენს ქვეყანაში ამოქმედდება კანონი ზოგადად ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კუთხით, ეს უნდა შეეხოს ყველას და არა მხოლოდ მოსამართლეებს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ ჟურნალისტების დაცვა შეურაცხყოფისგან, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე იღებენ საზოგადოებისგან შეურაცხმყოფელ ეპითეტებს. და ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას არ მოსწონს ჟურნალისტის გამოთქმული მოსაზრება ან მისი ჩაწერილი რესპონდენტი. სხვა შემთხვევაში, მსგავსი კანონი გამონაკლისის სახით არავისზე უნდა გავრცელდეს.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): 100%-ით ვეთანხმები ამ ინიციატივას. ბოლოს და ბოლოს, სასამართლო ერთ-ერთ ხელისუფლებას წარმოადგენს და როგორ შეიძლება მოსამართლის შეურაცხყოფა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. თუ გვინდა, რომ კანონიერი სახელმწიფო ვიყოთ, კანონის დამრღვევებს უნდა მოეთხოვოთ ისე, როგორც საჭიროა. ყველაზე დიდი ავტორიტეტი სასამართლოა. უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კრიტიკა და შეურაცხყოფა, ამას შესაბამისი კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს.

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): საინტერესოა, რის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა არის შეურაცხყოფა და რა არა. არ ვეთანმხები არც ფულად ჯარიმას და არც პატიმრობას. თუმცა, შეიძლება გარკვეული ზომების მიღება, მაგალითად - ერთთვიანი დისკვალიფიკაცია ან რაიმე სხვა.

 

 

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  მეც ვფიქრობ, რომ ზღვარი უნდა გადიოდეს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. არსებობს კრიტიკა, რომელიც სრულიად მისაღებია, მაგრამ როდესაც შეურაცხმყოფელ სიტყვებს უწოდებ, ყოვლად მიუღებელია. ალბათ, კარგი იქნება, თუ ჯარიმას დაუწესებენ მათ, ვინც შეურაცხყოფას აყენებს სხვა ადამიანებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×