რეზონანსი
27.04.2017

 თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ფოტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა მოწმეთა დაკითხვით გრძელდება. მოწმის სტატუსით, საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი ნათია გედენიძე წარდგება.ნათია გედენიძემ განაცხადა, რომ ის მზად არის პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც მხარეებს ექნებათ.

„იმაზე, რაც ჩვენებაში მაქვს ნათქვამი, ვისაუბრებ ვრცლად. აბსოლუტურად ვენდობი პროკურატურას და მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს ჩვენებებსა და პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს" , - განაცხადა ნათია გედენიძემ.

ფოტორეპორტიორი შსს-ს კონტრდაზვერვის მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს მოუწოდებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„დეტალურად ვისაუბრებ მორალურ ზეწოლაზე, რომელიც ჩემზე ბრალდებულმა დავით დევნოზაშვილმა განახორციელა. იმედია, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს კონკრეტულად ეს პირი და ეყოფა ამის ძალა" , - განაცხადა ნათია გედენიძემ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დაკავებულია კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.

პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წლის 6 ივნისს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის და ირაკლი გედენიძის დაკავება გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო მოხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 მარტს „ფოტორეპორტიორების საქმეზე" ბრალდებული შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×