რეზონანსი
28.04.2017

 შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით, ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში გამგზავრებაში ეხმარებოდა.

თანხის გადახდის შემდეგ დანაშაულებრივი დაჯგუფის წევრები აღნიშნულ პირებს სხვა სახელითა და გვარით ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ, შემდეგ ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემით შეუძენდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად როგორც თურქეთის, ასევე ევროპის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოში ჩამოსულ პირებს აეროპორტში მისვლამდე ყალბ პასპორტებს გადასცემდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეები რეგისტრაციას თურქეთისა და ევროპის მიმართულების ავიარეისებზე პარალელურად გადიოდნენ. საზღვრის გადაკვეთამდე, აეროპორტის საპირფარეშოში, სქემის ორგანიზატორი ევროპის მიმართულებით აღებულ ჩასხდომის ბარათსა და ყალბ პასპორტზე საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველ ყალბ თარიღ-დამღას სვამდა.

შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე აღნიშნული პირები მესაზღვრე-კონტროლიორს ნამდვილ, ირანულ პასპორტებსა და თურქეთის მიმართულებით ჩასხდომის ბარათს წარუდგენდნენ, საზღვრის კვეთის შემდგომ კი უკვე ყალბი პასპორტითა და ევროპის მიმართულებით აღებული ჩასხდომის ბარათით ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ევროპის მიმართულებით მიმავალი ავიარეისი დროში მცირედით წინ უსწრებდა თურქეთის მიმართულებით მიმავალ რეისს, რის გამოც, მგზავრის დაკლების შემდგომ, ავიაკომპანია მათ მოძიებას ვეღარ ახერხებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×