რუსი ოპოზიციონერი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ოფისიდან გამოდიოდა, როდესაც სახეში „ბრილიანტის მწვანე" შეასხეს. მას ექიმებმა მარჯვენა თვალის ქიმიური დამწვრობის დიაგნოზი დაუსვეს.
გამოცემა „meduza.io"-ს ინფორმაციით, ამ მეთოდს საზოგადოებისთვის ცნობილი პირების და ოპოზიციონერების წინააღმდეგ რუსეთში ხშირად იყენებენ. 2016 წლის სექტემბერში „ბრილიანტის მწვანე" „ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს შეასხეს.
სერგეი ნავალნის წინააღმდეგ ეს მეთოდი მეორედ გამოიყენეს. ოპოზიციონერს „ბრილიანტის მწვანე" მარტში ბარნაულში შეასხეს, სადაც მან წინასაარჩევო შტაბი გახსნა.
26 აპრილს, სტავროპოლში, „ბრილიანტის მწვანე" სახეში შეასხეს ბლოგერ ილია ვარლამოვსაც, რომელმაც რუსეთის ქალაქებში კეთილმოწყობის პრობლემების შესახებ მასალა გამოაქვეყნა.
ალექსეი ნავალნიმ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის ქონებაზე ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა.ოპოზიციონერ ნავალნის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს, კორუფციული გზით სხვადასხვა სახის მდიდრული უძრავი ქონება აქვს მოპოვებული. საპროტესტო გამოსვლები, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.
27 მარტს, მოსკოვის ტვერსკის სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ანტიკორუფციული აქციის დროს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.