ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" სულ უფრო აქტიურად საუბრობს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა არა 2023, არამედ უკვე 2018 წელს უნდა ამოქმედდეს. მმართველ გუნდში არც მალავენ, რომ ამის მთავარი მიზეზი მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.
ერთ-ერთ მიზეზად კი პრეზიდენტ მარგველაშვილის ოპოზიციასთან და ექსპერტებთან შეხვედრებს ასახელებენ, რაც, მათი თქმით, ჯერ საკონსტიტუციო კომისიის, ახლა კი პარლამენტის წინააღმდეგაა მიმართული.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, "თუ როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
ამის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან არასწორ ინფორმაციას არასწორი აქცენტებით.
როდის უნდა ამოქმედდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესი - 2018 თუ 2023 წლიდან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" ამხატვრო ხელმძღვანელი): "თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, მაშინ ჯობია, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2018 წელსვე ამოქმედდეს. მე ვფიქრობ, დროში გაწელილი ყველაფერი გაუგებრობამდე მიდის."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "საერთოდ არ მესმის, რა აუცილებელია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება. ამაში ხალხის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. გასაგებია, რომ საპარლამენტო მმართველობაზე კეთდება აქცენტი, მაგრამ ხანდახან ადამიანებს ილუზიაც გვჭირდება, რომ რაღაცის მონაწილეები მაინც ვართ და თუნდაც ელემენტარული მაინც არის ჩვენზე დამოკიდებული. ვხუმრობდი კიდეც, რომ ამ ილუზიას მაინც ნუ მოგვიშლიან-მეთქი. მე არ მინდა, რომ ეს წესი შეიცვალოს, მაგრამ თუ მაინც აუცილებელია, 2018-შივე შეცვლა მთლად გაუმართლებელი მგონია."
სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): "როდესაც არის მსჯელობა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესს ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც შევცვლითო, ეს არის მცდარი. მყარად უნდა იყოს არგუმენტებული, როდის ამოქმედდება და რატომ. თუ ახლა ვიღაცის გამო უნდა ამოქმედდეს, ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ თუ მყარად იქნება განმარტებული, რომ ასე ჯობია, მაშინ, ბუნებრივია, საზოგადოებაც მიიღებს.
"ისე კი, დღევანდელ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება მინიმალურია, როგორი იქნება მისი არჩევის წესი, გადამწყვეტი აღარ არის."
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "დემოკრატიის გზაზე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა უკან გადადგმული ნაბიჯია. როდესაც ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს არა ხალხმა, არამედ ადამიანებმა, რომლებიც ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ინტერესებს ემსახურებიან, ეს არასწორად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ეს საკითხი არც 2018-ში, არც 2023-ში არ უნდა დადგეს და თუ მაინც აუცილებელია, ამ სისტემაზე რაც უფრო გვიან გადავალთ, მით უკეთესი."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე