ნინო ქეთელაური
29.04.2017

 თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში თურქი ბიზნესმენი ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერის გამო დააპატიმრეს - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სინან სარაჩი 21 აპრილს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამსახურმა დააკავა და მას ბრალად წარდგენილი აქვს შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა, თუმცა ის ინტერპოლით ძებნილიც კი არ არის.

"თურქეთის მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული პიროვნება ჩვენთან მხილებულია შეიარაღებული დაჯგუფების წევრობაში და შიდა ხელშეკრულების საფუძველზე გთხოვთ, გადმოგვეცითო. წარმოიდგინეთ, ეს პიროვნება ინტერპოლითაც კი არ არის ძებნილი. ბრალდებით წარდგენილი აქვს შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა, მაგრამ აქ იგულისხმება გიულენის პარტიის მხარდაჭერა და სიმპათია მის მიმართ", - ამბობს მერაბ მამულაძე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქამდე ნასამართლევიც კი არ ყოფილა.

"დაკავებამდე ის თურქეთში ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას. არის ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს და, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების მმართველთა საბჭოს წევრი. შესაბამისად, ბრალდება მიუთითებს და იქ პირდაპირ აღწერილია, რომ მას მხოლოდ იმიტომ აქვს ბრალი წარდგენილი, რომ სასულიერო შეკრებებს ესწრებოდა და შესაწირს სწირავდა საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტების დასახმარებლად.

"მისი ორგანიზაცია თურქეთის მხარემ შერაცხა შეიარაღებულ დაჯგუფებად. აქ საუბარი არ არის გადატრიალებაზე, შეიარაღებულ თავდასხმაზე და ა.შ. იარაღი საერთოდ არ ფიგურირებს წარმოდგენილ საქმეში. უბრალოდ, რადგან ეს ადამიანი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოში იყო და ეხმარებოდა სტუდენტებს, ეს ჩათვალეს შეიარაღებულ დაჯგუფებად.

"წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება აქვს წაყენებული და, შესაბამისად, მიაჩნია, რომ თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება", - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

მერაბ მამულაძის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბიზნესმენს სრულიად დაუსაბუთებლად და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეუფარდა პატიმრობა.

"საერთოდ არ გაითვალისწინა ის არგუმენტაცია, რომ ეს ადამიანი კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს უძრავი ქონება, მისი ოჯახი საქართველოშია და ეწევა კანონიერ სამეწარმეო საქმიანობას. მას არანაირი მცდელობა არ ჰქონია არც თურქეთში და არც საქართველოში, რომ რაიმესთვის თავი აერიდებინა და გაქცეულიყო. ის საქართველოში 2016 წლის თებერვლიდან იმყოფება, ოფიციალურად მეწარმედაა დარეგისტრირებული, შესაბამისად, სასამართლომ სრულიად უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა", - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება მომდევნო პროცედურებს და შესაძლო ექსტრადიციის ვადებს, მერაბ მამულაძე ამბობს, რომ ჯერ დაკავების გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობს და დაცვის მხარე ყველა შიდა ინსტანციის ამოწურვას აპირებს, შემდეგ კი თუ საჭირო გახდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შესაბამის საჩივრებს გადააგზავნის.

ადვოკატის შეფასებით, ქართული სახელმწიფოს მხრიდან უკვე კარგად ჩანს დამოკიდებულება, რადგან არც ერთ ევროპულ ქვეყანას მსგავსი მოთხოვნით დაკავება არ განუხორციელებია.

"არც სასამართლომ და არც პროკურატურამ არ გაითვალისწინა, რომ მას პირდაპირ პოლიტიკური ბრალდება აქვს წარდგენილი და არა რაიმე კრიმინალი ან დანაშაული. ეს არის სწორედ ჩვენი პროტესტის მიზეზი. არც ერთი ევროპული და განვითარებული სახელმწიფო წარმოდგენილი პირობით არავის აკავებს და, მით უმეტეს, ექსტრადიციის პროცესს არ იწყებს.

"სასამართლოს წარვუდგინეთ არაერთი დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, თუ რა შეიძლება ემუქრებოდეს მას, ამასთანავე, რაც ამ საქმეშია მტკიცებულებად და რა განაჩენიც შეიძლება დადგეს, ეწინააღმდგება ყოველგვარ ქართულ კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებას", - ამბობს მერაბ მამულაძე.

აღნიშნულ საქმეზე "რეზონანსი" პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა მათგან კონკრეტული ინფორმაცია ვერ მიიღო.

კითხვებზე, რა ბრალდებით მოხდა ბიზნესმენის დაკავება და აპირებენ თუ არა, რომ სასამართლოს მისი თურქეთში ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართონ, პროკურატურაში პასუხობენ, რომ ჯერ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.

თუკი უწყება საკუთარი პოზიციის და ინფორმაციის გასაჯაროვებას გადაწყვეტს, "რეზონანსი" მათთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×