თუ მარგველაშვილი "რამეს გადაწყვეტს", საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენას შორის უნდა გადადგეს
ეკატერინე ბასილაია
29.04.2017

 უკვე საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი 300-მა ხმოსანმა არა 2023 წელს შეარჩიოს, არამედ გაისად - 2018 წელსვე. გუშინ "ოცნების" მხრიდან ეს მუქარა უკვე მტკიცედ გაისმა.

თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს ურჩევს, ტყუილად ნუ გაირჯებიან, ის კონსტიტუციაზე ვაჭრობას არ აპირებს. ანალიტიკოსების ნაწილი კი მას ურჩევს, ხელისუფლების ამ შანტაჟს გადადგომით და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით უპასუხოს.

პოლიტოლოგი, ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი პრეზიდენტს მიმართავს, "ოცნების" გაგებით "ცუდად მოქცევა" გააგრძელოს და თუ მმართველი ძალა შანტაჟს აასრულებს და პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესს 2018 წელს გადმოიტანს, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ხუხაშვილის პროგნოზით, როდესაც ასე უსამართლოდ ღია შანტაჟს იწყებს ხელისუფლება, ამომრჩეველი სწორედ მის საწინააღმდეგოდ მისცემს ხმას და "ოცნება" დამარცხდება.

განიხილება თუ არა პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

კონსტიტუციით, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დღეს არსებული წესით ჩატარდეს არჩევნები, ოღონდ თუ კონსტიტუციის ახალი პროექტის მესამე მოსმენამდე გადადგება.

კონსტიტუციონალისტების ვარაუდით, მეორე მოსმენით კონსტიტუციის პროექტი მიღებული იქნება ალბათ მაის-ივნისში, შემდეგ უნდა გავიდეს 3 თვე, რომ პროექტი მიღებული იყოს მესამე მოსმენით. მესამე მოსმენის დროს მხოლოდ რედაქციული ცვლილებები შეიძლება შეიტანონ, არსებითს ვერ შეცვლიან. ანუ, თუ პრეზიდენტი რამეს გადაწყვეტს, მეორე და მესამე მოსმენას შორის უნდა გადადგეს. ეს არის ზაფხული, სანამ სექტემბერში საშემოდგომო სესია გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირაც არ გასულა, რაც "ქართული ოცნების" მიერ დაწერილი კონსტიტუციის პროექტი დამტკიცდა და მმართველ გუნდს საკუთარი პირობა უკვე უკან მიაქვს - გუშინ პარლამენტის სპიკერმა და შემდეგ სხვა მისმა თანაგუნდელებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის თარიღს 2023 წლის ნაცვლად 2018 წელს გადმოიტანენ.

"ოცნების" უკვე მერამდენე მუქარის მიზეზი კი გიორგი მარგველაშვილის რეგიონებში საზოგადოებისთვის კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვაა, სადაც პრეზიდენტი აკრიტიკებს პრეზიდენტის უფლებების შეკვეცასა და არჩევის ხალხისთვის წართმევას, ასევე დეპუტატების არჩევის წესს.

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმე იქითკენ მიდის, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება.

როგორც კობახიძე აცხადებს, "მმართველმა ძალამ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს ჩატარებულიყო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ამ კომპრომისულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება პრეზიდენტი პოლიტიკური ოპონენტების მეშვეობით, რომლებიც პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ პირდაპირ შეტევას ახორციელებენ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ", ამიტომაც ამ კომპრომისმა აზრი დაკარგა და "რის გამოც ამოქმედდება ის, რაც არის კონსტიტუციურად სწორი".

"საქმე სწორედ აქეთკენ მიდის. არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, პარტიებს ხვდება ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია. ასევე ხვდება ე.წ. ექსპერტებს და თანხმდება, თუ როგორ უნდა მიიტანოს შეტევა საქართველოს პარლამენტზე.

"თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ყოველგვარი აზრი დაეკარგება კომპრომისს და გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ყოველგვარი სისტემური თვალსაზრისით არის სწორი. მით უმეტეს, კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით", - ეს განცხადება პარლამენტის სპიკერმა გუშინ მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

კობახიძის პათოსს "ოცნების" სხვა წევრებიც შეუერთდნენ და გუშინ არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ არაპირდაპირი არჩევნები 2018 წელს უნდა ჩატარდეს.

ამ მუქარას პრეზიდენტი მარგველაშვილი ახალციხიდან გამოეხმაურა პროექტის - "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრისას.

პრეზიდენტის თქმით, "ქართული ოცნება" პირდაპირ მასთან მისვლას ვერ ბედავს და შორიდან ევაჭრება, მაგრამ ტყუილად წვალობენ, ის "არ აპირებს, ივაჭროს კონსტიტუციაზე".

"რამდენჯერ ითქვა ეს აბსოლუტური არანორმალური ფორმულირება - რომ წესიერად მოიქეცი და ასეთი კონსტიტუცია იქნება და თუ წესიერად არ მოიქცევი, ასეთ კონსტიტუციას დავდებთ. ეს მერამდენეჯერ ითქვა უკვე. და პლუს, ეს ქვეტექსტი ვაჭრობის. თან, პირდაპირ მოსვლას ვერავინ ვერ ბედავს, რომ ეს მკადრონ და ირიბად ვაჭრობენ.

"ნუ დაიღლებიან ამით... არ არის ჩემი ინტერესი ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე ხალხის ზურგს უკან. არასდროს კონკრეტულად მე არც არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით; არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების რაღაც ამბიციების შემკრები", - აცხადებს მარგველაშვილი.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ როდესაც მმართველი პარტია პრეზიდენტს ემუქრება - თუ "ჭკვიანად არ იქნები" და ბევრს ომოძრავებ, 2018 წელს შემოვიტან ირიბ არჩევნებს - ამ შანტაჟს პრინციპული პასუხი უნდა გაეცეს.

"პრეზიდენტს თხოვნით მივმართავ, რომ "ცუდად მოიქცეს". "ოცნების" გაგებით "ცუდად მოიქცეს" და 2018 წლიდან შემოიღონ ირიბი არჩევნები. შემდეგ პრეზიდენტს ვთხოვ, გადადგეს, დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

"პრეზიდენტს კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით მიღების დროს აქვს გადადგომის შესაძლებლობა, რის შემდეგაც საპრეზიდენტო არჩევნები დღეს მოქმედი წესით უნდა დაინიშნოს.

"ძალიან მაინტერესებს, ასეთ ვითარებაში დანიშნულ არჩევნებს "ქართული ოცნება" როგორ მოიგებს. მათი ინიციატივა, მათი კბილების ღრჭიალიც წყალში გადაიყრება. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი კომპრომისზე არ უნდა წავიდეს და ასეთი ტიპის პასუხი უნდა იყოს ამგვარ ღია შანტაჟზე," - ამბობს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×