თბილისი-ამანი პირდაპირი ფრენები ხვალიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებიის მხრიდან ამანის მიმართულებით ფრენით დაინტერესება იქნება,- დიდია.
საქართველოს საავიაციო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ახალი მიმართულება აეროპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ ეს ფაქტი მართლაც, რომ ისტორიულია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის. აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა, ეს იქნება რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ხოლო ზაფხულში, სავარაუდოდ, მესამე რეისიც დაემატება. უკანა რეისზე ჩვენი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები იორდანიას ეწვევიან და შედგება ორმხრივი თანამშრომლობა. ყოველივე ეს კი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე აისახება" , - განაცხადა გურამ ჯალაღონიამ.
საქართველოსა და იორდანიას შორის მოლაპარაკებების ბოლო დეტალები 14 მარტს გაირკვა. 24 მარტიდან კი იორდანიულ კომპანიას ფრენის უფლება მიენიჭა.
ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მისაღებ ფასს შესთავაზებს. საუბარია როგორც იორდანიიდან ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანაზე, ისე საქართველოდან მომხმარებლების გადაყვანაზე იორდანიის მიმართულებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ იორდანიის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელი სავიზო რეჟიმი უკვე მოეხსნათ.