გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ საქართველოს სახით,
სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს ხედავს.
გიორგი კვირიკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ აშშ გვერდში გვედგა ჩვენი შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და შეიარაღებაში.
მისი თქმით, მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ამერიკის მთავრობამ, ერთი მილიარდი დოლარი გამოყო და ომისგან დაზარალებულ საქართველოს დაეხმარა.
„ჩვენ ამერიკელი მეგობრების გვერდიგვერდ ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში, ასევე წვლილი შეგვაქვს აფრიკის უსაფრთხოების მისიებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთაზე. გარდა ამისა, ჩვენ ძალას არ ვიშურებთ, რათა მომავალშიც ვიყოთ ჩვენს რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების და პროგრესის მისაბაძი მაგალითი.
ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიული ტრაექტორიისა და მისი შეუქცევადობისადმი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, ყოფილი ელჩები, პარლამენტარები და ექსპერტები.