საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას იწყებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ პრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. სკოლებში აიკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები) , კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.
„ჯანსაღი საკვები ყიველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან", - განმარტავენ სამინისტროში.