"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის - ირაკლი სესიაშვილის 20 წლის შვილი სუს-ში, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობს.
საჯარო სამსახურებში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების, თამარ ხულორდავასა და სოფიო კილაძის მეუღლეები არიან დასაქმებულნი.
თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატების მეუღლეები მათი საკვალიფიკაციო მონაცემების გათვალისწინებით დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორებად არიან დანიშნულნი.
როგორ მოქმედებს მმართველი პარტიის რეიტინგზე მათი ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "არ მგონია, ეს რამე გავლენას ახდენდეს "ოცნების" რეიტინგზე. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და რადგან მათი ოჯახის წევრები "ოცნებაში" არიან, აღარ უნდა იმუშაონ?!"
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ეს არის მახინჯი გადმონაშთი, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო. ნეპოტიზმი ძალიან ცუდი, მიუღებელი რამეა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ქმედება იმოქმედებს "ქართული ოცნების" რეიტინგზე."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "იცით, რა არის? თბილისი ძალიან პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, ან მეგობარია ან ნათესავი და რა გამოდის, ამის გამო სამსახური ვერ უნდა დაიწყო?!
"ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც. თანამდებობის პირების ოჯახის წევრები ევროპაშიც მუშაობენ საჯარო სამსახურებში და ამაში არაჩვეულებრივი არაფერია."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "მმართველი პარტიის რეიტინგზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს მსგავსი ფაქტები. ქვეყანაში უმუშევრობაა, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშეა და როცა მსგავს ფაქტებს ხედავ, რა თქმა უნდა, უარყოფითი დამოკიდებულება გიჩნდება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე