დედაქალაქის მიკროავტობუსებზე მგზავრობის ტარიფის განსაზღვრა მერიის კომპეტენცია გახდა
თიკო ოსმანოვა
01.05.2017

 3 წლის განმავლობაში ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაძვირდება და არც გაიაფდება. თბილისის მიკროავტობუსების კომპანიებსა და მერიას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მძღოლებს გარკვეული შეღავათები დაუწესდა და სამარშრუტო ტაქსების ტარიფის რეგულირება მერიის კომპეტენციაში გადავიდა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრ ჯაბა სამუშიას თქმით, "ოცნება" დილემის წინაშე იდგა - ან მგზავრობის ტარიფი უნდა გაეძვირებინა, ან ხელშეკრულება გადაეხედა. არჩევანი კი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ შიდასაუბნო მიკროავტობუსებმა მგზავრობის ფასი უკვე ერთი თვეა, რაც 10 თეთრით გააძვირეს. თუმცა ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ მგზავრობის გაიაფებაზე საუბარი არ არის და არც მომავალში დადგება დღის წესრიგში.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს თბილისის საკრებულოს სხდომაზე სამარშრუტო ტაქსების ტარიფის რეგულირების საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. დედაქალაქის მერიამ მიკროავტობუსების მფლობელ ოთხ კომპანიასთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მათი ლიცენზიის გადასახადი 50 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა.

კომპანიებმა ამ თხოვნით მერიას თავად მიმართეს და მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება და საწვავზე ფასების ზრდა დაასახელეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მგზავრობის ტარიფი გაიზრდებოდა. ახლა კი მძღოლებსაც შეუმცირდებათ ყოველდღიური გადასახადი და 20%-ით ნაკლებს გადაიხდიან.

ოპოზიციის განცხადებით, ეს თბილისის ბიუჯეტის მილიონ ნახევარი ლარით შემცირებას გამოიწვევს. საპასუხოდ როგორც უმრავლესობაში ამბობენ, მერია ამ დათმობაზე იმის გამო წავიდა, რომ სამარშრუტო ტაქსების კერძო კომპანიებმა ტარიფი თვითნებურად აღარ შეცვალონ და ეს დედაქალაქის მერიის რეგულაციის სფეროში მოექცეს.

"2010 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მიკროავტობუსს შეეძლო, ნებისმიერ დროს გაეძვირებინა ტარიფი. ამისთვის საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვით ადრე წერილობით ეცნობებინა მერიისთვის ტარიფის გაძვირების შესახებ. მათ შეეძლოთ, დამოუკიდებლად ნებისმიერი ცვლილება განეხორციელებინათ ამ კუთხით.

"ახალი რეგულაციით, თბილისის მიკროავტობუსს ჩამოერთვა ეს ნებართვა იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობამ ერთ მშვენიერ დღეს არ ნახოს ახალი სამგზავრო ტარიფი და ამას სტიქიური სახე არ ჰქონდეს. ტარიფის რეგულირება მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა. მოხდა თბილისის მერიასა და თბილისის მიკროავტობუსს შორის შესაბამისი შეთანხმება და ამიერიდან თბილისის მერია და საკრებულო განსაზღვრავენ ტარიფს, რათა თბილისელებს მიკროავტობუსით მგზავრობა არ გაუძვირდეთ.

"თუ ეს ცვლილება არ განხორციელდებოდა, თბილისის მიკროავტობუსს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო, გაეძვირებინა მგზავრობა", - განაცხადა თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ შიდასაუბნო ტრანსპორტი გაძვირდა და 40 თეთრის ნაცვლად უკვე ერთი თვეა, მზგავრები 50 თეთრს იხდიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკრებულოში ტარიფის გაიაფებაზე არ ფიქრობენ და არც ამ საკითხის დაყენებას აპირებენ დღის წესრიგში.

"გიაფებაზე საუბარი არ არის, ლაპარაკი იყო გაძვირებაზე. იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას არ გაძვირებოდა და არ ამოქმედებული ის ნაღმი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩადო ამ ხელშეკრულებაში, აქედან გამომდინარე, გადაწყდა, დაწყებულიყო მოლაპარაკება და, შესაბამისად, ის რეგულაცია, რომელიც ეხებოდა მგზავრობის ღირებულების დადგენას, გადმოსულიყო თვითმმართველობის კომპეტენციაში.

"იუმორის მომგვრელია, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ამაზე საუბრობს. მან თავის დროზე მოსახლეობას წაართვა ეს სფერო, დარღვევებით ჩაატარა ტენდერი და ყველაფერი გააკეთა, რომ მიგვეღო ის რეალობა, რაც დღესაა.

"ამ ეტაპზე იყო ეს ორი არჩევანი - ან უნდა გაძვირებულიყო ტარიფი, ან რაღაც უნდა მოგვემოქმედებინა. ასე რომ, საკრებულომ მიიღო სახელმწიფოებრივი და მოსახლეობისთვის საჭირო გადაწყვეტილება.

"რაც შეეხება მომავალს, ზოგადად, თბილისში მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს ევროპული სტანდარტით. ეს არის ავტობუსი და უახლესი მოდელის მეტრო. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა, რათა მას არ ჰქონდეს აუცილებლობა, რომ კერძო კომპანიების "მარშრუტკით" თუ ტაქსებით ისარგებლოს. 2 წლის მანძილზე ავტობუსების ბაზა მთლიანად უნდა შეიცვალოს", - უთხრა "მთელ კვირას" სამუშიამ.

ამ ცვლილების შესახებ ჯერჯერობით არაფერი სმენიათ საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლებს, თუმცა იმას, რომ ტარიფი არ გაიზრდება, მხოლოდ და მხოლოდ მიესალმებიან.

"ასეთი რაღაც არ გამიგია და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუ დაგვაკლდება ყოველდღიური შესატანი, მაგაზე კარგი რა არის?!. თუმცა ეჭვი მეპარება, ეს გაკეთდეს, თანაც დავალიანებები გვაქვს და ნაკლებს ვინ გადაგვახდევინებს?! ზოგადად, ჩვენ გაძვირების წინააღმდეგი ვიყავით, რადგან ხალხი აღარ ამოვიდოდა", - გვითხრა #49 მიკროავტობუსის ერთ-ერთმა მძღოლმა.

მერიის მხრიდან მათთვის დაწესებული შეღავათი ასევე უცნობია #45 მიკროავტობუსის მძღოლებისთვისაც, რომლებმაც ტარიფი სულ ახლახან გააძვირეს.

"ძალიან კარგი იქნება, თუ მართლა დაგვიწესებენ შეღავათს. პირველად გავიგე თქვენგან, ამიტომ ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა მძღოლმა ვალერი ხოჭავამ.

თბილისის მიკროავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ მძღოლებს ამის შესახებ მას შემდეგ აცნობებენ, რაც დადგენილება შევა ძალაში.

"ეს შეღავათები დაწესდა იმიტომ, რომ თბილისის მიკროავტობუსი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ისე, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიური მდგომარეობა არ ასახულიყო მოსახლეობაზე. ყველანაირად ვცდილობდით, თავიდან აგვეცილებინა ტარიფის გაზრდა", - უთხრა "მთელ კვირას" "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა.

მათგან განსხვავებით, დედაქალაქის მერიასა და თბილისის მიკროავტობუსების კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების გადახედვის და მათთვის დაწესებული შეღავათების წინააღმდეგი იყო საკრებულოს ოპოზიცია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი თამაზ შოშიაშვილი ამბობს, რომ ეს თბილისის ბიუჯეტის მილიონნახევარი ლარით შემცირებას გამოიწვევს, რაც ასევე აისახება მოსახლეობაზე.

"კერძო სამარშრუტო ტაქსები გახდა რეგულირებადი ხელისუფლების მხრიდან. საკრებულოს სხდომაზე დაადანაშაულეს წინა ხელისუფლება, რომ აქამდე ეს იყო არარეგულირებადი სფერო. ეს იყო მაშინ აბსოლუტურად სწორი მიდგომა. ეს ბიზნესია. ბიზნესს უნდა შევუქმნათ შესაბამისი პირობები, რომ ჰქონდეს კონკრეტული შემოსავალი. მას შემდეგ, რაც აიწია საწვავის ფასმა და მოხდა ლარის ინფლაცია, როგორც ვიცი, ამ კომპანიებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ. ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და სწორედ ამიტომ მოითხოვეს თანხის გაძვირება.

"ამის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, წასულიყო დათმობაზე. "ოცნებას" ვეთანხმები, რომ ტარიფი არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს რეალობა შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც აწუხებს ქვეყანას.

"ტარიფი არ გაიზრდება, მაგრამ ეს დააწვება ბიუჯეტს. შესაბამისად, მოხდება ბიუჯეტის ხარჯების შემცირება. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ბიუჯეტი მათია და როგორც უნდათ, ისე ხარჯავენ თანხებს. ამათ ჰგონიათ, რომ ამით მოსახლეობა არ ზარალდება. არადა, ბიუჯეტის თანხების შემცირებით სწორედაც რომ მოსახლეობა ზარალდება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას შოშიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×