ეკატერინე ბასილაია
01.05.2017

 ნეპოტიზმის ტრადიციას, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია, "ქართულ ოცნებაშიც" აგრძელებენ. თან აღშფოთებით აცხადებენ, რომ პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს მუშაობას თუ კარიერულ წინსვლას ვერავინ აუკრძალავს, "ოცნებაში" ნეპოტიზმის პრობლემა არ არსებობს და ამის დაბრალება "უსინდისო" და "ამორალური" განცხადებებია.

როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას ნეპოტიზმის ბოლო დღეების გახმაურებული სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები ამორალურია, მისი შვილი გამორჩეულია განათლებით და მას დასაქმების უფლება აქვს.

მეორე სკანდალის ფიგურანტ თამარ ხულორდავას თქმით, მისი მეუღლის თავდაცვის უწყებაში დანიშვნა "ვინმეს გასარჩევი არ არის", მას საკმარისი კვალიფიკაცია აქვს და, საერთოდ, ჰგონია, რომ "არ ღირს პასუხი ამ უსინდისო განცხადებაზე".

"ოცნების" ნეპოტიზმზე კვლავ საუბარი წინა კვირას გააქტიურდა. რამდენიმე დღის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მეორეკურსელი შვილი, 20 წლის დავით სესიაშვილი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ანალიტიკურ დეპარტამენტში, უწყებაში, რომლის კურატორობაც მამას ევალება.

პლუს, ორი დღის წინ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაახმოვანა, რომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში დაინიშნნენ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის - სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და, ასევე, "ქართული ოცნების" ახალი წევრის, თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე.

ნადირაშვილის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს დანიშვნა განხორციელდა თებერვალში, მაშინ, როცა მასშტაბური შემცირება იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი კვალიფიციური ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე.

თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ დეპუტატების მეუღლეები უწყებაში მათი საკვალიფიკაციო მონაცემების გათვალისწინებით დანიშნულები არიან დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორების პოზიციებზე და მათ შესაბამისი კონკურსიც გაიარეს.

"ქართულ ოცნებაში" ამ ბრალდებებს აღშფოთებით შეხვდნენ. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ნეპოტიზმი არის ის, როცა ხდება ოჯახის წევრის ისეთ თანამდებობაზე დანიშვნა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს და მართვის ძალაუფლება ჰქონდეს. ასეთი ფაქტები კი არა მათ დროს, არამედ წინა ხელისუფლების დროს იყო.

"ნაციონალების" მმართველობის დროს ერთი დეპუტატი იყო, მეორე - გამგებელი (მაია ნადირაძე იყო დეპუტატი და მისი ძმა გამგებელი კახეთში); ერთი მინისტრი იყო, მეორე სხვა სამინისტროში - მოადგილე (თინა ბურჯალიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, მისი ქმარი ნიკა ძიმცეიშვილი კი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე). ესაა ნეპოტიზმი და არა ის, რომ ჩემი შვილი რიგით თანამშრომლად მუშაობს," - აცხადებს სესიაშვილი.

ის ამბობს, რომ მისი შვილის დანიშვნა კანონიერი იყო, მან ყველა პროცედურა გაიარა. კანონით, არც ინტერესთა შეუთავსებლობაა, რადგან მისი შვილი თანამდებობის პირი არ არის, რიგითია და მეტიც, მოკლე ვადით, 6 თვით არის აყვანილი.

"საზოგადოებამ რომ გაიგოს, თორემ "ნაციონალური მოძრაობის" ამორალური საქციელი სულ არ მაინტერესებს, ჩემს შვილსაც აქვს კარიერული განვითარების უფლება. მით უფრო, რომ მართლა გამორჩეულია განათლებითაც და მისწრაფებებითაც.

"თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ ადამიანი პოლიტიკოსი გახდება, ამის შემდეგ მისი ოჯახის წევრებს მუშაობა უნდა ავუკრძალოთ?! ნეპოტიზმია, როდესაც უცოდინარს და არაკვალიფიციურს დაასაქმებ, სხვა შემთხვევაში ყველა ადამიანს აქვს განვითარების უფლება.

"იგივეს ვიტყოდი ნინო თოლორდავას და სოფი კილაძის ოჯახის წევრების დასაქმებაზეც, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა კონკურსი გაიარეს", - აღნიშნავს სესიაშვილი.

მისი განცხადებით, "ოცნებაში" ნეპოტიზმი არ არის და შეკითხვაზე, მაგალითად, კახა კალაძის ცოლისძმის მერიაში თანამდებობაზე დანიშვნა იყო თუ არა ნეპოტიზმი, პასუხობს: "ცოლის ძმა კანონით ოჯახის წევრი არ არის და ამას უნდა ვხვდებოდეთ".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ ამ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის უამრავი ფაქტია და მათგან მხოლოდ ძალიან გახმაურებულებს ჩამოთვლის.

"ღარიბაშვილი უტიფრად აცხადებდა, ცოლის ნათესავი რა ნათესავიაო და თან ხუმრობად ასაღებდა. ამ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის უამრავი ფაქტია. მაგალითად, მანანა კობახიძე, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, მისი ქმარი მუშაობდა "ლუკოილში", რომელმაც გაიმარჯვა სამთავრობო ტენდერში. მისი ძმა თედო კობახიძე საკრებულოშია და ასევე დაინიშნა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ.

"ლევან იზორიას ძმა, გვახსოვს, როგორ დააკავეს ე.წ. "ნარუშილოვკით", რომელიც მას არანაირად არ ერგებოდა. ასევე მისი დეიდაშვილები და ბიძაშვილები, რომლებიც პოლიციის აკადემიაში არიან დანიშნული.

"ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლისძმა გიორგი არეშიძე მერიაში კულტურისა და სოციალური განყოფილების უფროსი იყო და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელიც დანერგა "ოცნებამ". ნეპოტიზმი რომ ამ ხელისუფლების დროს დიდი პრობლემაა, დაადასტურა "საერთაშორისო გამჭვირვალობამაც", რომელმაც 2015 წელს პარლამენტში შეიტანა ინიციატივა, რომ ნეპოტიზმის ფაქტი სს წესით დასჯადი გამხდარიყო. დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი "ოცნებას" თაროზე აქვს შემოდებული," - ამბობს რურუა.

იყო თუ არა ნეპოტიზმის პრობლემა მათი ხელისუფლების დროს, რურუა ამბობს, რომ მისთვის კონკრეტული ფაქტები უცნობია და თუკი იყო, გმობს.

"თუ ჩვენი ხელისუფლების დროს რამე ცუდი იყო, ეს იმას არ ნიშნავს და ინდულგენცია არ არის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ იგივე გააგრძელოს. ჩვენი შეცდომების გამო ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი გადაიხადა - წააგო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული სახელმწიფო შევქმენით, მისი ყველა ინსტიტუტით, მთლად ყველაფერი მოსაწონი არ იყო," - დასძენს რურუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×