საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტებში ცვლილებები დღეიდან ამოქმედდება. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, შეუძლიათ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. მათ პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია, ასევე მშობიარობა და საკეისრო კვეთის მომსახურება.
თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.