საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, შემდეგ კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება.
პარლამენტში ცვლილებებზე მუშაობის პარალელურად, „ქართული ოცნება" დოკუმენტს საერთო საყოველთაო განხილვისთვის ამზადებს. ქვეყნის მთავარი კანონის მიღებაში უკვე მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. მმართველი გუნდი ასევე ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.
პრეზიდენტის არჩევის წესზე, საარჩევნო სისტემაზე და ქვეყნის მთავარ კანონში შესატან სხვა ცვლილებებზე, პარლამენტის თავმჯდომარე დეტალურად დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს მხარი 22 აპრილს დაუჭირა. კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს,მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის მდებარეობა განსაზღვრული აღარ არის.