ვლადიმერ პუტინის საყვარელი მოტოკლუბის, „ღამის მგლების" წევრები პოლონეთში არ შეუშვეს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „tass"-ს მოტოკლუბის წარმომადგენელმა, ევგენი სტრაგოვმა განუცხადა. მისი თქმით, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმ ბაიკერებმა შეძლეს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი ჰქონდათ.
სადღესასწაულო მოტოგარბენი ყოველწლიურად იმართება. ბაიკერების მარში ნაციზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავს ეძღვნება. ისინი პოლონეთის გავლით ბერლინში მიდიოდნენ, სადაც 9 მაისს აქცია „გამარჯვების გზებში" უნდა მიიღონ მონაწილეობა.
მოტოკლუბის გარბენი 27 აპრილს მოსკოვში დაიწყო. ბაიკერებს 6 ათასი კილომეტრის გავლა აქვთ დაგეგმილი. ისინი ბერლინში ჩასვლას სმოლენსკის, მინსკის, ვარშავას და პრაღას გავლით აპირებენ.
„ღამის მგლები" კრემლის და მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით სარგებლობს. ბაიკკლუბი ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებასაც უჭერდა მხარს.
„ღამის მგლების" ერთ ჯგუფს 9 მაისს თბილისში ჩამოსვლაც სურს. როგორც „რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი გაზეთ „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ეს დამოკიდებულია უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც ისინი სხვადასხვა უწყებას სთხოვენ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბაიკერების ჯგუფი ე.წ. გიორგის ლენტებით თბილისში 2015 წელსაც იყვნენ. ამ სიმბოლოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და მას საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს.