„საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისევ შემცირდა. 2017 წლის დასაწყისისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, ქვეყანაში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, რაც წინა წელთან შედარებით 0,1 %-ით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე 2016 წლის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა და გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ იმოქმედა.
მოსახლეობის 57,2 % (2 128,6 ათასი ადამიანი) საქალაქო დასახლებაში, 42,8 % (1 589,6 ათასი ადამიანი) - სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.
ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილი 19,5 %-ია, შრომისუნარიანის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) - 66,1 %, 65 წლის და უფროსი - 14,5 %.
2016 წელს ემიგრანტების რიცხვი 98,3 ათასია, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,4 %-ით მეტია. იმავე პერიოდში იმიგრანტების რიცხვი წინა წელთან შედარებით 2,5 %-ით შემცირდა და 90,2 ათასი ადამიანია.