თბილისის მერის მოადგილემ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ხე-მცენარეების შესახებ ბრიფინგი გამართა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ამ ტერიტორიაზე ხეებს დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნებათ.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, სიმართლეს არ შეესაბამება" , - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მერის მოადგილის განცხადებით, არსებობს ფოტომასალა, რომელიც 2016 წლით თარიღდება და ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, ასევე დაზიანებულ ხე-მცენარეებს ასახავს, რომელსაც სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო"-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს.
კომპანია „ლისი დეველოპმენტის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ადგილზე დაუდევრობის გამო გაჩნდა.