საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დასრულდა და 5 მაისიდან პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო განხილვის ჩატარებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება.
ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ხელისუფლების მიერ ჩატარებული სახალხო განხილვა, რომელიც მხოლოდ 10 დღე გაგრძელდება, არაეფექტური იქნება, რეალურ შედეგს ვერ დადებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ დაპირისპირებაა უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ისინი ყოველთვის სთავაზობდნენ პრეზიდენტს, რომ პროცესებში კონსტრუქციული როლი შეესრულებინა, რაზეც ის უარს აცხადებდა.
"ჩვენ დღესაც ვართ მოწადინებული, გვქონდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა სახელმწიფოს მეთაურთან, თუმცა დღემდე ვიღებთ ცივ უარს. პირიქით, არის საწინააღმდეგო ტენდენცია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდა შეხვედრა პარტიებთან, ექსპერტებთან და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე.
"ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც, სამწუხაროდ, შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები", - განაცხადა კობახიძემ.
საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მძიმე ბრალდებებს აყენებს, თუმცა "სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე," ის კომენტარს აღარ გააკეთებს.
გაითვალისწინებს თუ არა სახალხო განხილვისას გამოთქმულ მოსაზრებებს პარლამენტი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): გააჩნია, როგორი ფორმატით ჩატარდება სახალხო განხილვა, რას იტყვის ხალხი და რა შენიშვნები იქნება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გაითვალისწინონ გამოთქმული მოსაზრებები, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ექნება, რა ფორმატით ჩატარდება ეს პროცესი.
გია ბუღაძე (ფერმწერი): სამწუხაროდ, არა, რადგან ისეთი თავხედი ხელისუფლება გვყავს, რომ არასდროს არაფერს არ გაითვალისწინებს. ყველაფერს მართავს ფული და მონური ფსიქიკა, ასე რომ, რეალურად არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): თუ გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, ექნება გავლენა, თუ არადა, არა. ძნელია წინასწარ თქმა, თუმცა პრაქტიკაში არ მომხდარა ისეთი რამ, რომ ხალხის ნება რაღაცაში გადაზრდილიყო. ეს ყოველთვის უგულებელყოფილია. ეს იქნება ხელისუფლებისთვის ტესტი, რომელიც მას ექნება ჩასაბარებელი. ძნელია რამის თქმა, მით უმეტეს ბოლო არჩევნების შემდგომ, რომელიც, ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არ მგონია, რამე შედეგი გამოიღოს. მიმაჩნია, რომ ძირშივე განწირულია მოსაზრება, რომ სახალხო განხილვას რამე შედეგი ექნება კონსტიტუციის პროექტის მიღებისას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე