"ჩვენ მივიღეთ არა საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, არამედ "ქართული ოცნების" კონსტიტუციის პროექტი"
ეკატერინე ბასილაია
02.05.2017

 მთელი ოპოზიცია, საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც, მათ შორის უკიდურესად დაპირისპირებული პარტიებიც კი, პლუს არასამთავრობოთა ნაწილი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან და ასე ერთად იწყებენ კონკრეტულ კამპანიას, რომ "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღუდგნენ წინ.

კამპანია, სახელწოდებით - "დაიცავი კონსტიტუცია" უკვე დეკლარაციის დონეზე შეიქმნა გუშინ, ხვალიდან კი რეგიონებში გასვლას იწყებენ, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საერთო-სახალხო განხილვის პარალელურად მოსახლეობას აუხსნან, რეალურად რა და როგორ იცვლება კონსტიტუციაში, რას მოიტანს ეს და რატომ აპროტესტებენ თავად ამ ცვლილებებს.

პლუს, საკონსტიტუციო ცვლილებებს გააცნობენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, ვენეციის კომისიას, ევროკომისიას, ეუთოს და ა.შ.

ამ კამპანიას ემატება ისიც, რომ პარალელურად, პლებისციტის მოთხოვნისთვის 200 000 ხელმოწერის კარდაკარ შეგროვებას იწყებს დღეიდან პარტია "ევროპული საქართველო".

"დაიცავი კონსტიტუციის" მხარდამჭერი პარტიები და ორგანიზაციები დღეს პრეზიდენტის სასახლეშიც იკრიბებიან, რომ გაიგონ გიორგი მარგველაშვილის აზრი და შესაძლოა, სამომავლო კოორდინაციაზეც შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი უკვე ერთ თვეზე მეტია, კამპანიით "კონსტიტუცია ყველასია" რეგიონების საზოგადოებასთან შეხვედრებს მართავს და კრიტიკულად განიხილავს "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის გამოც "ოცნებიდან" მის მიმართ ბრალდებები არ წყდება.

გუშინ ოპოზიციის დიდი ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბა და საგანგებოდ შემუშავებულ დეკლარაციაზე ხელმოწერით გაემიჯნა "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

პრეტენზიები 8-პუნქტიანია და განსაკუთრებით მიუღებელია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და საარჩევნო სისტემაში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემა.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის პროექტს არ ეთანხმებიან პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ოპოზიცია აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტი კონსენსუსის შედეგი არ არის და ხელისუფლებამ კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს.

"ჩვენ, სამწუხაროდ, მივიღეთ არა საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, არამედ "ქართული ოცნების" კონსტიტუციის პროექტი, რამდენადაც არავის აზრი გათვალისწინებული არ იქნა და კონსენსუსი ნულოვანია", - აცხადებს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე.

ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ ხელისუფლება თვითიზოლაციაში რჩება.

"ვფიქრობთ, რომ მოვახერხებთ ჩვენი კონსტიტუციის დაცვას, როგორც ჩვენი მთავარი დემოკრატიული საფუძვლის, გარანტიის დაცვას. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტს, რომ ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია ძალაუფლების მიტაცებით, უკან დაიხევს", - ამბობს მაჭუტაძე.

ოპოზიციის მიერ დეკლარაციის ასე საჯარო ხელმოწერას "ოცნებიდანაც" უპასუხეს. პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ერთადერთი მოტივაცია ამოძრავებს, ეს არის მათი ნეგატიური დღის წესრიგი, მაგრამ მათ კონსტიტუციის შეცვლაში ხელს ვერავინ შეუშლის.

კობახიძე ოპოზიციის ამ კამპანიის დაწყებაშიც კი პრეზიდენტს ადანაშაულებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ექსპერტები შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დესტრუქციულ ელემენტებს შეიცავს.

"ეს არის მათი ნეგატიური დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტუცია დემოკრატიული კონსტიტუციით და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის.

"ის აბსოლუტურად არასწორი კამპანია, რომელიც წარიმართება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად", - აცხადებს კობახიძე და დასძენს: "ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, თუ როგორი შეიძლება იყოს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც შეთანხმდნენ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. იმედია, რომ ეს გეგმა ძალაში არ დარჩება, თუმცა შეთანხმება ამასთან დაკავშირებით შედგა".

რა დესტრუქციას გულისხმობს პარლამენტის სპიკერი, ეს არ დაუკონკრეტებია. ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ ისინი ხალხთან შეხვედრებს იწყებენ, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ დესტრუქციული ქმედება არ არის.

კონსტიტუციის ცვლილებების ხალხისთვის გაცნობის პარალელურად იწყება ასევე ამ ბრძოლის სხვა აქტივობაც - პარტია "ევროპული საქართველო" სწორედ სამშაბათიდან იწყებს კარდაკარ სიარულს და ახლა, შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტის მოთხოვნისთვის ხელმოწერების შეგროვებას.

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს ხალხმა და ეს დაფიქსირდეს პლებისციტზე.

"ევროპულ საქართველოში" ასევე აცხადებენ, რომ თუ პლებისციტის ჩატარებაზე მმართველი ძალა უარს იტყვის, ეს ღიად იმის დამადასტურებელი იქნება, რომ ხელისუფლებას ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებს, რის გამოც ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. კანონით, პლებისციტის დანიშვნის უფლება პრემიერ-მინისტრს აქვს.

"რეზონანსი" შეეცადა,გ გაგეგო, 200 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში დათანხმდებოდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის დანიშვნას, თუმცა პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პასუხი არ აქვთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×