მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.
თვითმხილველთა განცხადებით, „მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ისინი ამ წუთებში ავტომობილის მძღოლისგან ავარიის შესახებ ინფორმაციას ისმენენ.
როგორც ავარიის ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს ტერიტორიაზე შუქნიშნის დამონტაჟების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელთან ერთადაც ქალი გზაზე გადადიოდა, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.