იანვრიდან მოყოლებული, ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში 5%-ით არის გაზრდილი. პირველ 4 თვეში ლამის ორჯერ მეტი ენერგიის შეძენა დავჭირდა მეზობელი ქვეყნებიდან, ვიდრე შარშან. ამ ტემპს თუ მივყვებით, იმპორტმა წლის ბოლომდე შესაძლოა, 1,5 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბოს. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, სამომავლოდ ძვირმა ელექტრონერგიამ თავისი გავლენა მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზეც და დენის გადასახადი კიდევ ერთხელ გაიზარდოს.
ენერგეტიკოსები ასეთ ალბათობას ჯერჯერობით არ უშვებენ, თუმცა ფაქტია, რომ იმპორტი მატულობს და ამ ტენდენციას საქართველო რეალურად ვერაფერს უპირისპირებს. მთელი მიზეზების გამო ელექტროსადგურების მშენებლობაც ვერ ხერხდება და სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტების უმეტესობა განუხორციელებელი რჩება.
ელექტროენერგიის იმპორტის ამსახველი სტატისტიკა საკმაოდ დამაფიქრებელია. ესკო-ს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში იმპორტი დაახლოებით 845 მლნ კვტ/სთ იყო. შედარებისთვის, 2016 წელს (იანვარ-დეკემბერი) იმპორტმა 478 მლნ კვტ/სთ შეადგინა, 2015-ში - 699 მლნ კვტ/სთ, 2014-ში - 793 მლნ კვტ/სთ, 2013-ში - 4841 მლნ კვტ/სთ.
იმპორტის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს სპეციალისტები რამდენიმე მიზეზს უკავშირებენ, მათ შორის - გაზრდილ მოხმარებას, ჰიდროელექტროსადგურების შემცირებულ გამომუშავებასა და თებერვალში "ენგურჰესის" პროფილაქტიკურ გაჩერებას.
ენერგეტიკოსი, დეპუტატი რეზო არველაძე იმპორტის ზრდის მთავარ მიზეზად ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ასეთი ვითარება საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ განაპირობა.
"ელექტროენერგიის მოხმარების საკმაოდ მაღალი ტემპია ქვეყანაში. ბოლო 4 თვეში ზრდა 5%-ის ფარგლებშია, რაც სასურველი რეალობა ნამდვილად არ გახლავთ. 2 კვირით იყო "ენგურჰესი" გაჩერებული და დამატებით 200 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო.
ჩვენ თუ არ ვაწარმოებთ საკმარის ელექტროენერგიას, იძულებული ვართ, მეზობელი ქვეყნებიდან მივიღოთ. იგივე შეიძლება ითქვას თბოელექტროსადგურების მიმართაც. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად დიდია წყლის ჩამონადენი, რათა ჰესებმა კარგად იმუშაოს. ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა გვქონდა 2010 წელს, როცა ძალიან ბევრი ოდენობის - 9,6 მლრდ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია ვაწარმოეთ. ეს მოცულობა სადგურების საპროექტო გამომუშავებაზე მეტია, თუმცა ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება. 2010 წლის შემდეგ მსგავსი შემთხვევა აღარ გვქონია. შარშანაც ამ მხრივ ცოტა უკეთესი მდგომარეობა იყო.
ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში მიღების ტემპით ვერ ვეწევით მოხმარების ზრდას და სწორედ ესაა პრობლემა. წელს, შარშანდელთან შედარებით, უკვე 3 თვეში შემოვიტანეთ იმდენი ელექტროენერგია, რაც შარშან - მთელი წლის განმავლობაში (4 თვეში კი სერიოზული გადაჭარბებაა). საინვესტიციო პროექტები აღარ არის და ეს არის ყველა პრობლემის სათავე.
გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი იყო ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ აგიტაცია. ამაში ჩართეს მსოფლიოში ავტორიტეტული ადამიანებიც და საბოლოოდ ინვესტორები დაფრთხნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პროექტები შეჩერდა", - აცხადებს არველაძე.
ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ იმპორტის ჭარბი ზრდა მოსალოდნელია გვიან შემოდგომაზეც, რაც ტრადიციულად იმ პერიოდისთვის დამახასიათებელია.
"იმპორტი ოქტომბრიდან საგრძნობლად გაიზრდება და ეს ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მართალია, სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სექტორში, მაგრამ მათი განხორციელება ჭიანურდება. ჰესების მშენებლობა ვერ იკრებს ძალას, რისი მიზეზიც, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტია. ასეთ პრობლემას სახელმწიფო წააწყდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. წესით, პროექტი უკვე უნდა იყოს დაწყებული, მაგრამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.
ახლა ნესკრა ჰესზე დაიწყო ლაპარაკი, თუმცა მოსახლეობისგან წინააღმდეგობა მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც არის. აქედან გამომდინარე, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპები საგრძნობლად შეფერხდა და ეს ხდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით", - დასძენს არველაძე.
არსებული მდგომარეობის მიუხედავად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნება მოხერხდება. სტუ-ის პროფესორი, ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის ელექტროსადგურების მშენებლობაა და ეს საკითხი როგორმე უნდა დაიძრას, რაც შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია.
"ელექტროსადგურების მშენებლობა არ არის მარტივი საქმე. მშენებლობის ხანგძლივობა, საშუალო ჰესების შემთხვევაში 5-6 წელია. ამიტომ პროექტირებაც და მშენებლობის დაწყებაც დროულად უნდა მოხდეს. მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ ენერგეტიკის განვითარება წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ჩვენთან, გარკვეული მიზეზების გამო, მშენებლობა ფერხდება.
საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციის მიუხედავად, ვფიქრობ, სამომხმარებლო ტარიფი შენარჩუნდება. თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული დენის ფასსა და აზერბაიჯანიდან შემოტანილ ელექტროენერგიის ღირებულებას შორის დიდი სხვაობა არ არის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ სოციალური გაზის ლიმიტი ამოწურული გვაქვს. ამიტომ ახალი თბოსადგურებისთვის გაზი აზერბაიჯანიდან კომერციულ ფასად უნდა ვიყიდოთ. "შაჰდენიზი 2"-ის პროექტი თუ დროულად ამოქმედდება, 2019-20 წლიდან 20 მლრდ კუბ/მ-ზე მეტი წავა ჯერ თურქეთისა და მერე ევროპისკენ, ჩვენ 1 მლრდ კუბ/მ-ზე მეტი უფასო გაზი დაგვრჩება.
ეს სერიოზულად იმოქმედებს იმაზე, რომ თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი არ იყოს მაღალი, რაც სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.