მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, თამბაქოს მოწევის შეზღუდვაზე კანონის ამოქმედება 2018 წლის 1-ელ მაისამდე გადაიდო.
საჭიროა თუ არა მოწევის შეზღუდვაზე კანონის ამოქმედების გადავადება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის წარმომადგენლებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ეს კანონი გადავადებას კი არა, გადასინჯვას საჭიროებს. ძალიან ხისტად მიღებული კანონი შედეგს არ მოგვცემს. ყველაზე ადვილი კანონების წერაა. მათი წერა კი არა, დანერგვა უნდა ვისწავლოთ.
ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): ანუ, მთელი ერთი წლით გადაიდო. ცოტა გამიკვირდა. შეიძლება, გარკვეული მუხლების დასახვაზე იყო საუბარი, მაგრამ ერთი წლით ასეთი სერიოზული საკითხის გადადება არასწორია.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, უნდა შესრულდეს. პარლამენტმა კანონი კანონისთვის კი არა, შესასრულებლად უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოურ ეპოქაში ისეთ კანონებს ვიღებდით, რომლებიც არ სრულდებოდა. კანონი, რომელიც არ შესრულდება, სჯობს, საერთოდ არ მიიღო. როგორც ჩანს, მთავრობა და პარლამენტი ანალიზს გააკეთებს, თუ რა შედეგი მოჰყვება. ვფიქრობ, პარლამენტი და მთვრობა ამუშავებენ გარკვეულ ღონისძიებებს. მართებულიც იქნება, რომ კანონი ყოველმხრივ გაანალიზებული და შესწავლილი მივიღოთ, რათა იგი შესრულდეს.
ქეთი ბექაური იურისტი): მომეწონა, რომ გადაავადეს. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მეტად საინტერესო პროექტია და მიმაჩნია, რომ მისი ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს. ქართული საზოგადოება მას უნდა შეეგუოს. ჩვენ მწეველების დიდი არმია გვყავს და კვებით დაწესებულებებს განსაკუთრებით გაუჭირდებათ. მოქალაქეები უნდა შეეგუონ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველებისა და არამწეველების ერთად ყოფნა არ შეიძლება, ვინაიდან არამწეველები პოტენციური მწეველები ხდებიან.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ნებისმიერი კანონისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულება ასეთია, რომ რაც შეიძლება ნაკლები აკრძალვა იყოს. ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რას გაუკეთებს საკუთარ სხეულს. თუ ამ კანონის შემოღება რაღაც აუცილებლობით არის განპირობებული, კი ბატონო, შემოიღონ. ოღონდ, რა და როგორ იქნება, ზუსტად გაწერილი იყოს. გადადება-გადმოდებას რაც შეეხება, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს, მსგავსი რაღაცები არ მიკვირს. რაღაცების გადადება მუდმივად ხდება. მათი არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო კანონპროექტები უსწრაფესად მიიღება-ხოლმე. ამიტომ გასაკვირი ნამდვილად არ არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე