სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტის გამო თვით "ქართულ ოცნებაშიც" კი დიდი დაპირისპირება და ვაჭრობაა გაჩაღებული. ორშაბათს კონსტიტუციის პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა, რომელსაც უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატის ნაცვლად ხელს აწერს 108, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არასაკმარისია და "ოცნებამ" ისიც კი ვერ მოახერხა, მთელი ოპოზიციის, პრეზიდენტისა და არასამთავრობოების დიდი პროტესტის ფონზე, საკუთარი გუნდის ერთიანობა მაინც ეჩვენებინა ამ ხელმოწერებით.
საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება და როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, 113 ხმამდე შესავსებად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 4 ხმას "ოქროს ფასი" ედება, რის გამოც დიდი ვაჭრობაა დაწყებული არა მარტო გუნდში, არამედ აქტიური მოლაპარაკებებია გაჩაღებული საპარლამენტო უმცირესობის რიგით წევრებთან, რომ როგორმე 1-2 კაცი მაინც გადაიბირონ.
ამბობს, რომ "ოცნებაში" შიდა ვაჭრობა უკვე დაწყებულია და ამას ადასტურებს ისიც, რომ პროექტის ინიცირებაზე 108 ხელმოწერაა და არა, მაგალითად, საჭირო 113. ამის ირიბი დადასტურებაა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა და სხდომის შემდეგ თავმჯდომარის, გიორგი კახიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უმრავლესობაში, პირველ რიგში, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გამო არიან მოწინააღმდეგეები.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებას ხელი უმრავლესობის 116 დეპუტატიდან არ მოაწერა 8 დეპუტატმა და მათი უმეტესობა, დიდი ალბათობით, მაჟორიტარია, რადგან კახიანიც ამბობს, რომ მაჟორიტარობის გაუქმების გამოა წინააღმდეგობა გუნდში და თან, რამდენიმე მაჟორიტარმა საჯაროდაც გამოხატა უარყოფითი პოზიცია ამ საკითხზე.
მართალია, ჯერ პროექტი საჯარო არ გამხდარა და ვინ არ არის ხელმომწერთა შორის, ამის მტკიცება რთულია, თუმცა უკვე საუბარია იმაზე, რომ ზაქარია ქუცნაშვილი და კახა ოქრიაშვილი არ აწერენ ხელს და ეს ადამიანები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ასევე ხელმომწერებს შორის არ არის გია ჟორჟოლიანიც, რომლის გუნდიც, "სოციალ-დემოკრატები" კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითხოვდა, რომელიც გადასახადის ზრდის გამო რეფერენდუმის ჩატარებას უკავშირდება.
"თუკი საპარლამენტო უმრავლესობიდან 4-მა დეპუტატმა კენჭისყრის დროს არ დაუჭირა მხარი პროექტს ან მეორე და მესამე კენჭისყრის დროს შეიცვალა პოზიცია, ან სრულად დატოვა პარლამენტის მანდატი, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციის პროექტი მიღებული ვერ იქნება. პოლიტიკურ კონტექსტში კი ეს გამოიწვევს კონსტიტუციური უმრავლესობის დაკარგვას პარლამენტში და იმ პროცესის დაწყებას, რასაც უმრავლესობის დეზინტეგრაცია და დაშლა ჰქვია," - აცხადებს ალაფიშვილი.
იურისტი ამბობს, რომ არავინ იცის, კულისებს მიღმა რა გადაწყვეტილება მიიღება, მით უფრო, თუ ფარულ კენჭისყრას წარმოვიდგენთ, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ იმდენად გაუჭირდა "ოცნებას" საკუთარ გუნდში 113 მხარდაჭერის მომხრობა, საპარლამენტო უმცირესობასთანაც კი აწარმოებს მოლაპარაკებებს.
"113 ხმის შესავსებად 4 დეპუტატის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, თითოეულს პოლიტიკურად "ოქროს ფასი" ედება და შესაბამისად, ძალიან მძიმე პროცესები შეიძლება განვითარდეს. მძიმე მოლაპარაკებები და დათმობებიც მოუწიოს "ქართულ ოცნებას". მით უფრო ამ პოზიციას ამყარებს ის კულუარული ინფორმაცია, ჩემთანაც პარლამენტიდან დადასტურებული, თუმცა წყაროს ვერ გეტყვით, რომ "ოცნებიდან" პოლიტიკურ ოპონენტებთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებას, გარკვეულ შეთავაზებას და აღიარებენ, რომ გუნდში მყარი პოზიცია არ აქვთ.
"ქართული ოცნება", რომელიც კონსტიტუციურ უმრავლესობას ფლობს და ბოლო პერიოდში ხელების გადაგრეხით თუ პულტების თამაშით წარმართავს პროცესებს, არ გადავიდოდა თავისი პატივმოყვარეობის ზღვარს და არ დაიწყებდა მოლაპარაკებას საპარლამენტო უმცირესობასთან, რომელსაც საჯაროდ ამკობს არცთუ სასურველი ეპითეტებით. ამიტომაც შესაძლოა, უმრავლესობის რიგებში არა 8, არამედ მეტი იყოს მოწინააღმდეგე იმ კონსტიტუციის პროექტისა, რომელიც ახლახან მოხდა.
"ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკონსტიტუციო კომისიამ როგორც კი მუშაობა დაამთავრა, მეორე დღიდან კენჭნაყარი დოკუმენტის არსებითი საკითხების შესახებ საჯაროდ დაფიქსირდა განსხავებული პოზიციები "ოცნების" დეპუტატების მხრიდან," - ამბობს ალაფიშვილი და კიდევ არაერთ სიურპრიზს პროგნოზირებს.
ამბობს, რომ შესაძლოა, მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწიოს თავისი დღის წესრიგის შეცვლა და გადაწყვეტილებების კორექტირება. ასევე უშვებს ალბათობას, რომ შესაძლოა, სახის შესანარჩუნებლად საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესი დროში გაიწელოს.
"შეიძლება, პირველი კენჭისყრების პროცესი დაიწყოს არა საგაზაფხულო სესიაზე, არამედ საშემოდგომო სესიაზე და მას მიჰყვეს 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე საბოლოო, მესამე კენჭისყრა. თუ მყარი არ იქნა ე.წ. კონსტიტუციური უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობა, შემოდგომაზე მარცხს შეიძლება სჯობდეს პოლიტიკური დღის წესრიგის კორექტირება. მით უმეტეს, თუ არის კონსენსუსი იმაზე, რომ 2018 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა," - მიიჩნევს იურისტი.