თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე თუ ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის, ჯერ კიდევ გაურკვეველია. შესაძლოა, მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის შედგეს. არსებული ინფორმაციით, "ოცნების" კანდიდატი შესაძლოა, ისევ დავით ნარმანია იყოს. თავად ნარმანია ამის წინააღმდეგი არ არის და ახლა ის გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, დიდი ალბათობით, ეს ალეკო ელისაშვილი იქნება, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია. თუმცა ამბობს, რომ არც ერთი პარტიის კანდიდატი არ იქნება და თუ გადაწყვეტს, დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

"გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა ვფიქრობ ამ საკითხზე. თუ გადავწყვეტ, ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თარიღი არ გამოცხადებულა. ასე რომ, საჩქარო არ არის," - უთხრა "რეზონანსს" ელისაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებიათ, თუმცა კულუარებში რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაციამ უკვე გაჟონა.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებს - კალაძესა და ნარმანიას შორის სხვაობა დიდი არ არის, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მოქმედ მერს მცირედით უსწრებს.

ამ მცირედი სხვაობის გათვალისწინებით, პარტიაში მწიფდება აზრი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატი არა კალაძე, არამედ ნარმანია იყოს.

კულუარული ინფორმაციით, ნარმანიას სასარგებლოდ მუშაობს თავად ნარმანიას ფაქტორი, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია და შესაძლოა, მომავალში ის სრულფასოვან პოლიტიკურ ლიდერად არ ჩამოყალიბდეს. ინფორმაციის თანახმად, სწორედ ეს გარემოება მოქმედებს კალაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ.

პარტიული ელიტა თვლის, რომ კალაძე მომავალში შესაძლოა, ცალკე პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს, მით უმეტეს, რომ მას მმართველი პარტიის დამაარსებელთან პირდაპირი ფინანსური ბმა არ აქვს და საკუთარი, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები გააჩნია.

კანდიდატებზე ჩამოყალიბების პორცესს ის გარემოებაც ართულებს, რომ ჯერ პარტიისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი ბიძინა ივანიშვილის განწყობა და გადაწყვეტილება. კულუარული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ყოფილმა პრემიერმა ნაკლებად ამბიციური კანდიდატის - ნარმანიას სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება.

არსებული ცნობით, პარტია საზოგადოებას ამის შესახებ თვის ბოლოს გააცნობს.

თავად დავით ნარმანია მზად არის, თბილისის მერის არჩევნებში მეორედ იყაროს კენჭი. დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება და კანდიდატი ამ გადაწყვეტილების საფუძელზე შეირჩევა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ვის შეარჩევს "ქართული ოცნება" - კვლავ დავით ნარმანიას თუ სხვა კანდიდატს.

"საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები იქნება. კანდიდატი გუნდური გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება წარმოდგენლი. მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული," - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ მის კანდიდატურაზე შეთანხმდებიან, მერის არჩევნებში მონაწილეობას უპირობოდ მიიღებს. "თუ იქნება გადაწყვეტილება, რასაკვირველია," - დასძინა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაუწევს სახელისუფლებო პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატებს კონკურენციას, მათი რაოდენობა არცთუ ისე ცოტაა. თითქმის ყველა პარტია ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და შესაბამისად, კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებსაც მართავენ.

"ნაციონალური მოძრაობიდან", დიდი ალბათობით, კენჭს ისევ ნიკა მელია იყრის. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად პარტიაში ორ ადამიანზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის ერთია ნიკა მელია, ხოლო მეორე ადამიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს საიდუმლოდ დარჩება მანამდე, სანამ თავად პარტიის საბჭო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას უპრეცედენტოდ ადრე დაიწყებს და მაქსიმუმ 2 კვირაში საზოგადოებას საკუთარ კანდიდატს ოფიციალურად წარუდგენს.

კულუარული ინფორმაციით, "ევროპული საქართველოც" ამ პოსტისთვის რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, მათ შორისაა ელენე ხოშტარია და, დიდი ალბათობით, არჩევანიც ამ უკანასკნელზე შეჩერდება.

არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები ეყოლება "დემოკრატიულ მოძრაობას - ერთიან საქართველოს" და დავით უსუფაშვილის პარტიას, თუმცა მათ ვინაობას პარტიის წევრები ჯერჯერობით არ ამხელენ. უსუფაშვილის თქმით, რამდენიმე საინტერესო ადამიანს განიხილავენ, საბოლოოდ ერთზე შეაჩერებენ არჩევანს და საზოგადოება ამის შესახებ თვის ბოლოს შეიტყობს.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, დიდი ალბათობით, თბილისში არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო. თუმცა ვისა და ვის შორის გაიმართება მთავარი ორთაბრძოლა, ამ საკითხზე უჭირს პროგნოზის გაკეთება.

"მეორე ტური ალბათ ყველა ვარიანტში იქნება. "ქართულ ოცნებაში" ჩატარდა თუ არა მართლაც შიდა კვლევა, არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, თუ ვინ იქნება პერსონალურად მმართველი პარტიის კანდიდატი.

"აქ მარტო პერსონალურ რეიტინგებზე არაა საქმე - ეს იქნება "ქართული ოცნების" პარტიის გამოცდა. ცალკე კანდიდატი, რომ "ოცნებას" ხმები მოუტანოს, არ არის. პირიქით. ხოლო ვის შორის გაიმართება მთვარი ორთაბრძოლა, არ ვიცი, რადგან იქ უკვე კანდიდატს აქვს მნიშვნელობა," - გვითხრა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×