რეზონანსი
04.05.2017

 საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის ფედერაცია ავრცელებს.გორგოძის თქმით, ის ნაკრების შემადგენლობაში ბოლო თამაშს საქართველოში ითამაშებს და გუნდს ამის შემდეგ დაემშვიდობება.

როგორც თავად მორაგბე აცხადებს, ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ აპირებდა, მაგრამ თხოვნით დარჩა და საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს.მირჩევდნენ,რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია" , - აცხადებს მამუკა გორგოძე.

მამუკა გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში „ლელოში" დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005-დან 2014 წლამდე ის საფრანგეთის „ტოპ 14-ის", „მონპელიეს" ღირსებას იცავდა და იქ თამაშისას გაითქვა სახელი. 2010-2011 წლებში დაასახელეს „ტოპ 14"-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012-2013 წლების სეზონში აღიარეს „ტოპ 14"-ისა და „ჰაინეკენის თასის" იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

„ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში გორგოძეს 69 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში. ის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ლელოების რაოდენობით პირველ ადგილზეა. გორგოძე 2011 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

მამუკა გორგოძემ ნაკრების ბოლო თამაში მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა. თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო.

„არ მინდოდა გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი, მაგრამ არ მინდა წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ" , - განაცხადა მამუკა გორგოძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×