რეზონანსი
04.05.2017

 პარლამენტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის" შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საბოლოო მოსმენით, 86 ხმით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას.

შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა აუცილებელი წინაპირობაა მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღრიცხვისთვის.

მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად ჩაითვლება, თუ 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს. ცვლილებით აღნიშნული 6-თვიანი ვადა 3 თვემდე შემცირდა.

მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა, რომელიც არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. კანონპროექტით მოხდა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც. 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი.

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" მოქმედ კანონში მოცემულია 2 ტერმინის განმარტება: „მიმღები ოჯახი" და „დედობილ/მამობილი". კანონპროექტის მიხედვით, ამ ტერმინების ნაცვლად იარსებებს ერთი ტერმინი - „მინდობით აღმზრდელი".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×