აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება, მხარდაჭერა გამოუცხადოს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ასევე, ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ისეთი ქმედებების განხორციელება ეკრძალებათ, რაც ზემოაღნიშნული ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზე იქნება მიმართული.
აღნიშნულის შესახებ იმ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიღო. ამასთან ერთად, სპეცსამსახურის დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტს უახლოეს დღეებში აშშ-ის სენატი დაამტკიცებს, შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს.
რა ზეგავლენას მოახდენს აშშ-ის ბიუჯეტის ახალი პროექტი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): უბრწყინვალესია. მეც ძალიან მინდა, ზუსტად ისე ვყოფილიყავით, როგორც ძლიერი ქვეყნები არიან. მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ ჩვენთვის უპირველესი ისაა, რომ აშშ-სთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს.
ვინც ასე არ ფიქრობს, ცდება, ზოგი გულწრფელად, ზოგი კი ძალიან შეგნებულად. ეს უსერიოზულესი მხარდაჭერაა. იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ს დახმარება მოაკლდებათ, ძალიან დიდი დანაკარგი აღმოჩნდება.
ამიტომ ჩვენთვის ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის გენიალური რაღაც მოხდა. ამაზე კარგი რა შეიძლება მომხდარიყო.
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): ბუნებრივია, რუსეთზე ზეგავლენას ნაკლებად მოახდენს. სხვა სახელმწიფოებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან კი მისასალმებელია, რადგან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაღიარების პოლიტიკისკენ და ეკონომიკური მხარდაჭერისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): მაინცადამაინც ზეგავლენის მომხდენი არ იქნება. ამ კუთხით რამე რეალური არ იქნება გაკეთებული.
რეზო მიშველეძე მწერალი): უნდა გითხრათ, რომ დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება 2-3 ე.წ სახელმწიფომ, გარდა რუსეთისა, მოახერხა. მინი სახელმწიფოები კი სათვალავში ჩასაგდები არ არის.
რა თქმა უნდა, ამერიკის ეს ქმედება საქართველოს მხარდაჭერისკენ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ვხედავ, რომ წლები გადის და მსოფლიომ ვერავითარი მექანიზმი, რომელიც რუსეთის მიერ მიტაცებულ მიწებს რამე წინაღობას შეუქმნის, ვერ გამონახა.
ჯერჯერობით რუსეთზე ზემოქმედების აბსოლუტურად არავითარი მექანიზმი არ გააჩნია არც გაეროს, არც ევროკავშირს და მგონი, არც მსოფლიოს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა ის სანქციები სასაცილოდ აიგდო, რომელიც დასავლეთმა დაუწესა.
შთაბეჭდილება მრჩება ისეთი, რომ ეს სანქციები მოსაჩვენებლადაა გამოგონილი. ერთი მხრივ, რუსეთის მიერ დაჩაგრულ და ტერიტორიაწართმეულ ქვეყნებს აგრძნობინონ, თუ როგორ ეხმარებიან. მეორე მხრივ კი, ოკუპანტ რუსეთს თვალი ჩაუკრან და უთხრან, ნუ გეშინია, გააგრძელე, რასაც აკეთებო. დასავლეთს რომ გულით უნდოდეს, საქართველოს და უკრაინას რუსეთის მიერ მიტაცებული მიწები დაუბრუნოს, ამისთვის უამრავი მექანიზმი არსებობს.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): ძალიან კარგია, რომ ამერიკა იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც აქამდეც იყო. ეს ახალი არ არის. უბრალოდ, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსადმი იმას გამოხატავს, რასაც მისი წინამორბედები დეკლარირებდნენ. ძალიან კარგია, რომ ოფიციალურ დონეზე პრეცედენტები არსებობს, რადგან ჩვენთვის ეს პოზიტიური სიგნალია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე