ეკატერინე ბასილაია
05.05.2017

 დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა იწყება. სულ 11 შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო 9-კაციან ჯგუფთან ერთად სახალხო განხილვაში ერთვება პრეზიდენტი მარგველაშვილი და პლუს ამ შეხვედრებზე დასწრებას აპირებს ოპოზიცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოსახლეობას უნდა აუხსნან, როგორ ცვლის კონსტიტუციას მმართველი პარტია სათავისოდ და ასევე დააანონსეს, რომ ამ განხილვისას დიდი პოლემიკა და დაპირისპირებაც იქნება.

საერთო-სახალხო განხილვა დღეს, 5 მაისს, ქუთაისიდან იწყება 12 საათზე მესხიშვილის თეატრში შეხვედრით. 10 შეხვედრა იქნება რეგიონის დიდ ქალაქებში, საბოლოო, მე-11 შეხვედრა კი, 15 მაისს გაიმართება თბილისში.

საყოველთაო განხილვისთვის პარლამენტმა ოთხშაბათს დაამტკიცა 9-კაციანი საორგანიზაციო კომისია, რომლის ხელმძღვანელია პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე. ამ კომისიას საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" არ უერთდება.

ოთხშაბათსვე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სურვილი გამოთქვა, თავადაც შეერთებოდნენ ამ სახალხო განხილვას. პასუხად გუშინ უმრავლესობამ უშუალოდ პრეზიდენტს შესთავაზა, ჩაერთოს მასში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მმართველი პარტიის ამ შეთავაზების შემდეგ ქუთაისში გაემგზავრა, როგორც განაცხადა, შინაარსობრივი, ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დასაზუსტებლად.

აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ უმრავლესობის შეთავაზებას იღებენ და პრეზიდენტი სახალხო განხილვაში ჩაერთვება, თუმცა პირველ განხილვას ქუთაისში მარგველაშვილი ვერ დაესწრება ევროკომისართან უკვე დაგეგმილი შეხვედრის გამო.

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა გაახმოვანა, რომ უმრავლესობა უშუალოდ პრეზიდენტს იწვევდა საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რათა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოსახლეობას საკუთარი პოზიციაც გააცნოს. კომისია მარგველაშვილს სთავაზობს, მოხსენებითაც წარდგეს და შემდეგ დებატებშიც ჩაერთოს.

"ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ პროცესმა კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს, პირიქით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსჯელობა საგნობრივ დისკუსიაში გადავიდეს და მოსაზრებები ერთმანეთს მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის ამ ურთიერთშეთავაზების პარალელურად, გიორგი მარგველაშვილი კამპანიის ფარგლებში - "კონსტიტუცია ყველასია" საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრას და საკონსტიტუციო პროექტის კრიტიკულ შეფასებას აგრძელებს.

გუშინ ის სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. მან განაცხადა, რომ საზოგადოებასთან დისკუსია კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე საკუთარ ვალდებულებად მიაჩნია და დიდი სიამოვნებით ჩაერთვება იმ სახალხო განხილვაში, რომელსაც საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფი იწყებს.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდეს, არ უნდა შეეზღუდოს ქვეყნის მეთაურს მთავარსარდლის ფუნქციები. იგი არ ემხრობა პარლამენტის არჩევის წესსაც და თქვა, რომ 5%-იანი ბარიერის დატოვება, ბლოკების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის გადაცემა და ამ ყველაფრის კონსტიტუციაში ჩაწერა იქნება "ხმების მითვისების დაკანონება".

პრეზიდენტის ამ კრიტიკის გათვალისწინებით დიდი ინტერესია, პარლამენტის სპიკერი კობახიძე და პრეზიდენტი მარგველაშვილი გვერდიგვერდ როგორ აუხსნიან საზოგადოებას, რა არის კარგი კონსტიტუციის ახალ ვარიანტში და რა არის "ოცნების" გარდა ყველასთვის მიუღებელი.

დიდი პოლემიკის მოლოდინია ასევე იმის გამოც, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით დაგეგმილ საყოველთაო განხილვას დაესწრება ოპოზიციაც, რომლებმაც კვირის დასაწყისში "დაიცავი კონსტიტუციის" კამპანია დაიწყეს და რომლებისთვისაც "ოცნების" მიერ დაწერილი საკონსტიტუციო ცვლილებები მიუღებელია.

როგორც კამპანია "დაიცავი კონსტიტუციის" წარმომადგენელი, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, ისინი დაესწრებიან ყველა შეხვედრას, დასვამენ კითხვებს და დიდი პოლემიკაც იქნება.

"მიმაჩნია, რომ ამ ვოიაჟის გათეთრებაც არ უნდა ვაცალოთ "ქართულ ოცნებას" და ყველა ქალაქში იქ მყოფმა საზოგადოების ნაწილმა უნდა დაინახოს, რომ ეს საყოველთაო განხილვა არის ფარსი. ჩვენ გვექნება ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი ახსნა, ვნახოთ, ვისი აჯობებს.

"ვისი ახსნა აჯობებს - ჭაბუკი პოლიტიკოსების, რომლებიც სადოქტორო ნაშრომის კონსტიტუციად ქცევას აპირებენ, თუ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ერთსულოვანნი არიან კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით", - ამბობს მამუკა კაციტაძე.

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრ გიორგი ახვლედიანის თქმით, ისინი ყველა რაიონში ხალხის მობილიზებას მოახდენენ, რათა "ოცნებას" საშუალება არ მისცენ, მხოლოდ საკუთარი პარტიის აქტივთან და საკრებულოს წევრებთან განიხილონ კონსტიტუციის პროექტი. ამბობს, რომ ძალიან მწვავე დებატები და პოლემიკა იქნება და მთავარი მიზანი სწორედ ესაა - "ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველამ დაინახოს, რომ ხალხი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არ არის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×