ნინო ქეთელაური
05.05.2017

 აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება, მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ აშშ-ის ახალ საბიუჯეტო დოკუმენტშია ნათქვამი.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს "ფაქტობრივად ასამარებს ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლებების და რუსეთის მცდელობას საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებით".

მათივე შეფასებით, ამის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოთა მეთაურები ასჯერ დაფიქრდებიან, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან პირდაპირ მოლაპარაკებას გამართავენ ან ეკონომიკურ ურთიერთობას დაამყარებენ.

დოკუმენტის ერთ-ერთი დებულება აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის მხრიდან გავლენის შემცირების ზომებსა და აშშ-ში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას ითვალისწინებს.

დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის ისეთი ფორმები, როგორიც არის: მანიპულაციები მედიაში, დეზინფორმაციის გავრცელება, გავლენის აგენტების დაფინანსება, პროვოკაციები, ადამიანის უფლებათა დარღვევა, კორუფცია, პლიტიკური ოპონენტების მკვლელობა და ტერაქტები.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების თავში ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს ისეთ ქმედებაზე, რაც ხელს უწყობს რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ორი ფაქტი იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

"პირველია აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პარაგრაფის გაჩენა, მეორე კი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება.

"ამ ორ დოკუმენტს არ დავაშორებდი ერთმანეთისგან, რადგან ორთავე, ფაქტობრივად, ერთდროულად იქნა მიღებული და ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის ურყევ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხრიდან", - ამბობს ამირან სალუქვაძე და განმარტავს, რომ ორივე დოკუმენტი, "ფაქტობრივად, ასამარებს ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლებების და რუსეთის მცდელობას საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებით".

"ევროკავშირი მტკიცედ აცხადებს მიუღებლად აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას და მკაფიოდ ეუბნება რუსეთს, რომ არასდროს აღიარებს ამ სუბიექტებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ რუსული ოკუპაციის გამო საქართველო ვერ ახორციელებს საკუთარ იურისდიქციას", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

მისი შეფასებით, ანალოგიური და შესაძლოა, უფრო მეტი დატვირთვა აქვს ამერიკის ბიუჯეტში ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს.

"მიუხედავად იმ შიშისა, რაც წინასაარჩევნო და ინაუგურაციამდელ პერიოდს თან ახლდა, ყველასათვის ცნობილი ამერიკული სახელმწიფო მანქანა ამოქმედდა და აშშ-ის გარკვეული საგარეო ვექტორები დალაგდა", - აცხადებს სალუქვაძე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერის დაფინანსების კუთხით თეთრმა სახლმა სტრატეგია შეცვალა.

"რუსული რბილი ძალის გააქტიურების ფონზე, ასეთი გადაწყვეტილება რისკის შემცველი იყო ჩვენთვის. თუმცა ბიუჯეტში ასეთი მკაფიო გადაწყვეტილების გამოჩენამ მთლიანად შეცვალა სურათი.

"აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ არაღიარების მიმართულებით გულხელდაკრეფილები უნდა ვიყოთ, თუმცა ძალიან გვიმსუბუქებს დიპლომატიურ სამუშაოს ამ კუთხით.

"მსოფლიოს სახელმწიფოთა მეთაურები ასჯერ დაფიქრდებიან, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან პირდაპირ მოლაპარაკებას გამართავენ ან ეკონომიკურ ურთიერთობას დაამყარებენ.

"აშშ, როგორც მოგვეხსენება, დემოკრატიული სახელმწიფოა და პოლიტიკის განხორციელება ფინანსების მართვით ხდება. ეს ჩანაწერი კი ჩვენ სასარგებლოდ არეგულირებს და წარმართავს აშშ-ის ადმინისტრაციის, სახელმწიფო დეპარტამენტის და სპეცსამსახურების საქმიანობას", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, არც ევროკავშირის გადაწყვეტილება, არც აშშ-ის ბიუჯეტის ეს პარაგრაფი და არც კონგრესმენთა მხარდამჭერი წერილი დონალდ ტრამპის სახელზე არ გაჩნდებოდა, რომ არა მთავრობის წარმატებული საქმიანობა ამ მიმართულებით.

"ხშირად ვამბობ და გავიმეორებ, რომ საერთაშორისო არენაზე, ასევე დეოკუპაციის მიმართულებით მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს და ეს მეტ ეფექტს მოგვცემს.

"ის პოლიტიკური დაპირისპირება, რასაც ვხედავთ ხოლმე ევროატლანტიკური ტრიბუნების გამოყენებით, პირველ რიგში, ქვეყნისთვისაა წამგებიანი და შემდეგ ოპოზიციური ძალებისთვის. ამ ორმა გადაწყვეტილებამ, ასევე კონგრესმენთა წერილმა დაგვანახა, რომ მთავრობას ამ მიმართულებით ძალისხმევა არ მოუკლია", - ამბობს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება კრემლის რეაქციას, ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ რუსეთის მედია ფართოდ აშუქებს ამ გადაწყვეტილებას და უკმაყოფილებასაც გამოხატავენ.

"რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა კი ამ გადაწყვეტილების გარეშეც საკმაოდ ბუნდოვანია და დიდ ზეგავლენას არ იქონიებს. კრემლი ცდილობს, გამონახოს საერთო ენა. მიუხედავად ტრამპის მზადყოფნისა, მას ეს შესაძლებლობა არ მიეცა.

"ვნახოთ, რას მოუტანს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობას 20-ის სამიტი, რომელიც ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართება. დიდი ალბათობით, მოხდება პუტინი-ტრამპის პირველი შეხვედრა, რომელიც ალბათ უფრო ფორმალური ხასიათის იქნება და დიდ გარღვევას აღარ უნდა ველოდეთ", - აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ჩვენს ხელისუფლებას საშუალება ეძლევა, აქტიურად გამოიყენოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, რისთვისაც დეტალური სამუშაო დოკუმენტი უნდა შემუშავდეს.

"უნდა გაიწეროს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს დოკუმენტები მაქსიმალური ეფექტიანობით", - ამბობს ანალიტიკოსი.

პოლიტოლოგის, თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, "ე.წ ჰიბრიდული ომის პირობებში, რომელსაც რუსეთი ატარებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის საჭირო იყო ახალი ღონისძიებების შემუშავება".

"აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მსგავსი კანონპროექტი მომზადდა, რომელიც კიდევ ერთი მხარდაჭერაა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისადმი.

"აშშ აქამდეც არ აკლებდა დიპლომატიურ ძალისხმევას, განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ახლა უკვე საკანონმდებლო ხასიათი მიეცემა, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მის პოზიციას", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×