ამერიკული ავიაკომპანიის, „United Airlines"-ის თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტი სენატში განხილვის მთავარი თემა გახდა.
ავიაკომპანის პრეზიდენტმა და ჩიკაგოს საავიაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დღეს ამერიკის სენატში მოიხადეს ბოდიში იმ შემზარავი ინციდენტისთვის, რომელიც 11 აპრილს „United Airlines"-ის თვითმფრინავიდან მგზავრის, დევიდ დაოს ძალით გაყვანას და მის ფიზიკურ დაშავებას ეხებოდა.
„ჩვენმა ავიაკომპანიამ დააზარალა საზოგადოების ნდობა. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ექიმ დაოს, მის ოჯახს, ყველა მგზავრს, რომელიც რეისზე იმყოფებოდა, ყველა ჩვენს მომხმარებელს და თანამშრომელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, ვწუხვარ კომპანიის არაადეკვატურ რეაგირებაზე" , - განაცხადა „United Airlines"-ის პრეზიდენტმა.
11 აპრილს თვითმფრინავის დაცვის სამსახურმა რამდენიმე მგზავრი ბორტიდან იძულებით გაიყვანა.თვითმფრინავი ჩიკაგოდან ლუისვილში, კენტუკის შტატში მიფრინავდა. 4 მგზავრს საკუთარი ადგილი ავიაკომპანიის თანამშრომლებისთვის უნდა დაეთმო.მოხალისეები არ გამოჩნდნენ,ამიტომ დაცვის სამსახურმა გადაწყვიტა ისინი თავად აერჩია.
ერთ-ერთი მოხალისე წარმოშობით აზიელი ექიმი უნდა ყოფილიყო, რომელიც მეუღლესთან ერთად მიემგზავრებოდა.ექიმს,რომელიც მეორე დღეს სამსახურში უნდა მისულიყო, საკუთარი ადგილის დათმობა არ სურდა და დაცვის თანამშრომლებს არ დაემორჩილა. შემდეგ ის სალონიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
10 წუთის შემდეგ ექიმი თვითმფრინავზე სისხლიანი სახით დაბრუნდა და განაცხადა: „თუნდაც მომკლან, მე სახლში უნდა წავიდე".
ინციდენტის შემდეგ სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა სასწრაფოდ დაიწყო მუშაობა მგზავრთა უფლებების დასაცავ კანონზე. მგზავრთა უფლებების დასაცავად კანონპროექტს ამზადებს კანადაც.